ჯაკომო ლეოპარდის ფილოსოფიიდან…
„კი მაგრამ, ადამიანებმა მაინც როგორ ამოიჭამეს თავი, როგორ გადაშენდნენ? – როგორ და, ჯერ ერთი, ისე, რომ ერთმანეთს ეომებოდნენ, მეორეც ზღვის ტალღებს ეწირებოდნენ, მესამეც, ერთმანეთს ნთქავდნენ; ბევრმა მათგანმა საკუთარი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე, ბევრი უქმად ყოფნამ დაალპო, ზოგმა წიგნებს დააკლა თავი, ზოგი აღვირახსნილობასა თუ ათას სხვა უკუღმართობას ემსხვერპლა; ერთის სიტყვით, ყველა გზა მოსინჯეს, რათა თავიანთი ბუნების საპირისპიროდ ევლოთ და უფსკრულში გადაჩეხილიყვნენ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პირველი შემთხვევა როდია: ცხოველთა რამდენი ძველთუხუცესი სახეობა არსებობდა ამქვეყნად, რომელთაგანაც დღეს მხოლოდ გაქვავებული ჩონჩხებიღა შემოგვრჩა. ხოლო ამ საბრალო ქმნილებებისთვის უთუოდ უცხო იყო მთელი ის დახვეწილი მანქანა, რომლითაც ადამიანებმა მუსრი გაავლეს ერთმანეთს.
ხეირი ის იქნებოდა, ამ ხროვის ორიოდე წევრი მკვდრეთით აღმდგარიყო. (ავტორი გენია.ჯი) ნეტავი გამაგებინა, რას იფიქრებდნენ იმის შემყურენი, რომ მას შემდეგაც, რაც კაცთა მთელი მოდგმა გადაეგო, ყველაფერი ძველებურად გრძელდება და თავისი გზით მიდის, თუმცა ღრმად იყვნენ დარწმუნებული, მთელი სამყარო მხოლოდ ჩვენთვისაა შექმნილი და ჩვენთვის არსებობსო.
მე მაგალითად ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ თვით ხვლიკებისა და ჩრჩილების აზრით სამყარო მხოლოდ მათი ჯიშისა და ჯილაგის სახმარად არსებობს. მაგრამ, დაე, ყველა თავთავის აზრზე დარჩეს, სულერთია, ამ აზრს მაინც ვერავინ ამომიგდებს თავიდან.
იმის გაგება კი მაინტერესებს, რას იტყოდნენ ამჟამად თავიანთი ქედმაღლობის თაობაზე ადამიანები, ასე უსაშველოდ რომ იბღინძებოდნენ, წინაუკმო ატრიალებდნენ ყველაფერს, ათასი წყრთის სიღრმეზე მიძვრებოდნენ მიწის წიაღში, რათა ყველას კუთვნილი ავლადიდება მიეტაცებინათ და თანაც ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი მათ ეკუთვნით და ბუნებამ მხოლოდ თავშესაქცევად დაუმალა მთელი განძი ადამიანებს და მიწაში დაფლა, რადგანაც მათი გამოცდა სურდა. – აბა, ვნახოთ, თუ შეძლებენ დამალულის პოვნას და მზის სინათლეზე გამოტანასო.
ისინი არა მარტო ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ ამქვეყნად ყველაფერი მათ სახმარად არის შექმნილი, არამედ იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ კაცთა მოდგმასთან შედარებით ყოველივე დანარჩენი უბადრუკობა იყო. ამიტომაც თავიანთ საკუთარ პერიპეტიებს სამყაროსეულ გადატრიალებად ასაღებდნენ. ხოლო თავიანთი ტომების ისტორიას – სამყაროს ისტორიად.
ანდა თუ გნებავთ, კიდევ ერთი, არანაკლებ თავშესაქცევი და წარმოუდგენელი ამბავი. ცხოველთა ძალზე ბევრი სახეობა საერთოდ ვერ შენიშნეს და ვეც შეიცნეს მათმა ბატონ-პატრონებმა – ადამიანებმა, არ ვიცი, იმიტომ, რომ იმ ადგილებში ბინადრობდნენ, სადაც კაციშვილს არასოდეს დაუდგამს ფეხი, თუ იმიტომ, რომ ზოგიერთის ტანმორჩილობის გამო ვერასდიდებით ვერ შეძლეს მათი მიგნება. (ავტორი გენია.ჯი) ბევრი სხვა სახეობა კი ადამიანების მიერ მხოლოდ უკანასკნელ ხანს იქნა შემჩნეული. იგივე ითქმის მცენარეებისა და ბევრი სხვა არსთა სახეობების მიმართ. ზუსტად ასევე, თავიანთ ჭოგრიტების მეშვეობით ადამიანები დროდადრო აღმოაჩენდნენ ხოლმე ხან ვარსკვლავს და ხანაც პლანეტას, და თუმცა ათასწლეულების მანძილზე აზრადაც არავის მოსვლია მათი არსებობა, დაუყონებლივ შეჰქონდათ ისინი თავიანთი ავლადიდების რეესტრში. მათ სჯეროდათ, რომ ვარსკვლავები და პლანეტები, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაღლა ცაში გამოდებული ჭრაქებია, მათ უმოწყალებულესობათათვის გზის გასანათებლად, როცა ისინი რაიმე საქმეზე ეშურებოდნენ ღამით. ზაფხულობით, კი ცეცხლოვანი ციცინათელების ცვენას რომ უმზერდნენ ღამეული ცის თაღზე, ისინი ალბათ, ფიქრობდნენ: ეს უთუოდ რომელიღაცა სულია, ჩვენს სამსახურად წარმოგზავნილი, ნაღვენთს რომ სწმენდს ვარსკვლავებსო.
ახლა, როცა ისინი გადაშენდნენ, დედამიწას არც კი უგრძვნია, რომ რაღაც დააკლდა, არც მდინარეები დაღლილან დენით და არც ისა ჩანს, რომ ზღვა დამშრალიყოს. ვარსკვლავებიცა და პლანეტებიც უწინდებურად ამოდიან და ჩადიან, და არც ფლასებით შემოსილან გლოვის ნიშნად. და არც მიწის პირს დასდებია მეწამული ფერი, როგორც დაემართა, ვერგილიუსის სიტყვებით, კეისრის მკვლელობისას”. – (ავტორი გენია.ჯი)