ფილიპე II – „ეპიზოდი”
„გვირგვინოსან ჯალათად” წოდებული ესპანეთის მეფე – ფილიპე II (1527-1598 წლები) სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ნიკრისის ქარების შემოტევებით იტანჯებოდა, რასაც საბოლოო ჯამში, ემსხვერპლა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) სასიკვდილო სარეცელზე მყოფი პირქუში ფანატიკოსი, რომელმაც მთელი თავისი 42 წლიანი მმართველობის პერიოდში მხოლოდ ადამიანთა წამება-განადგურებით „ისახელა” თავი, კვლავაც სისხლიან გეგმებს აწყობდა, რომელთაც საბედნიეროდ, განხორციელება არ ეწერა. ვიდრე სიკვდილის საათი დაჰკრავდა, მომაკვდავი მონარქის სიახლოვეს ექიმები ჭოჭმანობდნენ, გამოეშვათ მისთვის სისხლი თუ არა. მიუხედავად თავისი უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობისა, ფილიპე მათ საუბარს მაინც დიდი ყურადღებით უგდებდა ყურს და როდესაც მათ ჭოჭმანი შეატყო, საკუთარ თავში უკანასკნელი ძალები გამონახა, საწოლიდან ოდნავ წამოიწია და მედიკოსთა გასაკვირად, ენა ამოიდგა: „ხომ არ გგონიათ, რომ მეფეს, რომელმაც სისხლის მდინარეები დააქცია, ერთი წვეთი სისხლის დაკარგვისა ეშინია? დამიბრუნეთ ჯანმრთელობა და მე სისრულეში მოვიყვან ჩემს საქმეს – ყველა ერეტიკოსს მოვსპობ უკანასკნელ კაცამდე”. (ავტორი გენია.ჯი)