ფრანც კაფკა – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ჩეხი მწერლის – ფრანც კაფკას (1883-1924 წლები) თითქმის ყველა ბიოგრაფი შენიშნავს, რომ ლიტერატორის სანათესაო ერთობ მაღალი სიმაღლით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ იმასაც, რომ ფრანცის ბაბუა – იაკობ კაფკა იმდენად მაღალი და ძლიერი იყო ფიზიკურად, რომ კბილებით ერთ ტომარა ფქვილსაც კი თავისუფლად სწევდაო. სხვათა შორის, ფრანცი ვეგეტარიანელობამდე სწორედ რომ ყასაბი ბაბუას გამოისობით მივიდა, რადგან მასში ბავშვობაშივე ჩამოყალიბდა საშინელი შიში და სიძულვილი იაკობის პროფესიისადმი. კაფკას საგვარეულოში არა მხოლოდ მამაკაცები გამოირჩეოდნენ დიდი სიმაღლით, არამედ მანდილოსნებიც. მაგალითად, თავად მწერლის დები – ელი, ვალი და ოტლა. 1 მეტრი და 82 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე კაფკას თავისი სიმაღლე უხერხულობასა და დისკომფორტს უქმნიდა. მისი სიმაღლის გამოისობით დაკომპლექსებული გერმანულენოვანი ლიტერატორი ფრიად მოუქნელი და მოუხერხებელი ახალგაზრდა კაცი იყო, რაც თავის მხრივ, ხშირად აგდებდა სასაცილო მდგომარეობაში. გარდა ამისა, კაფკა იტანჯებოდა დაბალი არტერიული წნევით, უძილობით, თავის ტკივილებითა და მიგრენით (თავის ნერვული დაავადება).