ნინონ დე ლანკლოს შესახებ…
მიუხედავად იმისა, რომ თავისი მშვენიერი გარეგნობით ცნობილ ფრანგ მწერალ ქალს – ნინონ დე ლანკლოს (1615-1705 წლები) კურტიზანობა არასოდეს უქცევია საკუთარ პროფესიად, მას ხალხი მაინც „კურტიზანთა დედოფლად” მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ იმასაც, რომ ეპიკურეს ფილოსოფიაზე ფანატიკურად შეყვარებული მამის მიერ აღზრდილი, თავადაც ეპიკურელი ნინონი, „სხეულის კაპრიზებს” ფულზე უფრო წინ აყენებდა და სხეულით არ ვაჭრობდაო. და მართლაც, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ლანკლომ საფრანგეთის ლეგენდად ქცეულ სახელმწიფო მოხელეს – კარდინალ რიშელიეს, მის მიერ ერთი ღამის სანაცვლოდ შეთავაზებულ 50 000 ფრანკზე უარი განუცხადა – „გავცემ, მაგრამ არ ვყიდიო” (ცნობისათვის, ამ რაოდენობის ფულით კარგი მამულის შეძენა იყო შესაძლებელი პარიზის გარეუბანში). ადრეულ ასაკში დაობლებულმა გოგონამ პირობა დადო, რომ არასოდეს დაქორწინდებოდა და ისე აღესრულა, რომ თავისი პირობა არ დაურღვევია. ჰყავდა უამრავი საყვარელი, რომელთაგანაც ფული არასოდეს აუღია ინტიმური მომსახურების სანაცვლოდ. რასაც უპირობოდ იღებდა მათგან, მისთვის საყვარელი ყვავილების თაიგულები იყო. ნინონის სილამაზე მამაკაცებში დიდ მოწონებას იმსახურებდა. სამაგიეროდ, შურსა და სიძულვილს იწვევდა კონკურენტ მანდილოსნებში. იმისათვის, რომ პარიზის მშვენება ქალი როგორმე ასპარეზიდან ჩამოეშორებინათ, საფრანგეთის დედოფალმა, ლუი მეცამეტეს მეუღლემ – ანა ავსტრიელმა ლანკლოს შესთავაზა ნებაყოფლობით წასულიყო დედათა მონასტერში, რათა სხვა ქალიშვილების მსგავსად, ცოდვები მოენანიებინა. ექსტრავაგანტული თვისებებით აღსავსე ნინონი დედოფლის წინადადებამ ძალიან გააღიზიანა, რაც თავის პასუხში გამოხატა კიდეც: „ – პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ – მე ქალიშვილი არა ვარ! მეორეც – არავითარი ცოდვა არა მაქვს მოსანანიებელი! და თუკი მის უდიდებულესობას ეგზომ სურს, რომ მონასტერში გადამმალოს და გამომამწყვდიოს, მაშინ მე ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე კარდელიერების მამათა მონასტერს ავირჩევდი ცოდვების მოსანანიებლად”. – ამ თავხედურმა და უტაქტო პასუხმა ანა ავსტრიელი საშინლად აღაშფოთა და ლანკლოს დასჯაც მოინდომა, თუმცა საქმეში ნინონის გავლენიანი საყვარლები და მეგობრები ჩაერთვნენ და იგი დედოფლის რისხვისაგან იხსნეს.
ნინონ დე ლანკლოს სამი შვილი – ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა სხვადასხვა მამაკაცებისაგან შეძენილი არაკანონიერი გზით. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მათ აღზრდაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. გოგონა ნინონს 55 წლის ასაკში შეეძინა, მაგრამ სამწუხაროდ, იგი ადრეულ ასაკშივე გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ლანკლო მოკლებული იყო ყოველგვარ დედობრივ გრძნობას, ვაჟები საკუთარ დედას ფიზიკურადაც კი არ იცნობდნენ მისგან განსხვავებით, რასაც თავის მხრივ, ტრაგიკული შედეგიც მოჰყვა თან. 56 წლის ასაკში მყოფი უმშვენიერესი ლანკლოს ლიტერატურულ სალონში 20 წლის ახალგაზრდა ყმაწვილი დამკვიდრდა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ქალის უკიდეგანო სილამაზემ იმდენად მოხიბლა იგი, რომ ნინონი მაინც თავდავიწყებით შეიყვარა. მან რაღა თქმა უნდა, არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ასაკოვანი ქალი, რომელიც მას გულში ჩაუვარდა, საკუთარი დედა იყო. თავის მხრივ, ეს კარგად უწყოდა ნინონმა, რომელმაც რამდენიმე ხანში (როდესაც უკვე ყმაწვილმა ხელი თხოვა) თავის ვაჟს საიდუმლო გაანდო. ამ გამაოგნებელმა ცნობამ 20 წლის ყმაწვილკაცზე იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა, რომ სასოწარკვეთილებაში მყოფმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (თავი ჩამოიხრჩო).
თავად ნინონმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. ამბობენ, რომ მიუხედავად 90 წლის ასაკისა, ქალს თავისი მშვენიერება, ეშხი და შარმი არ დაუკარგავსო. – (ავტორი გენია.ჯი)