იბრაჰიმ I – „მსუქან მხევალთა ბანდა”
„სუსტი, კომპლექსიანი ადამიანი, რომელსაც მამისგან მემკვიდრეობით მხოლოდ და მხოლოდ სისასტიკე გამოჰყვა და არაფერი სხვა მისი კეთილშობილებიდან. უპასუხისმგებლო, უპრინციპო, არასტაბილური ხასიათის მქონე. ერთადერთი, რაც უყვარდა, თავისი ჰარემი იყო. მისი ბრძანებით სულთნის ქვეშევრდომები დღითა და ღამით დაეხეტებოდნენ ქალაქის საერთო აბანოებში და იქ დაეძებდნენ მათი მბრძანებლისათვის შესაფერის ლამაზმანებს. სულთნის ჰარემის ერთობ უხვ დაფინანსებას კონსტანტინოპოლში დასაქმებული მდიდარი ევროპელი ვაჭრები და საიუველირო სახლები ახდენდნენ. რაღა თქმა უნდა იძულების წესით”. – ასე ლაკონურად, თუმცა-კი, საკმაოდ სიღრმისეულად დაახასიათა ლორდმა კინროსმა იმ პერიოდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის – ოსმალეთის იმპერიის სათავეში მყოფი „გიჟ იბრაჰიმად” წოდებული სულთანი - იბრაჰიმ I (1615-1648 წლები). (ავტორი გენია.ჯი) როგორც აღმოჩნდა, 25 წლის ასაკში გასულთნებული იბრაჰიმი ჯერ კიდევ ვაჟწული იყო, და რადგანაც ქალების მიმართ არანაირ ინტერსს არ იჩენდა, მის შესახებ გავრცელდა ხმა, თითქოს – იმპოტენტს წარმოადგენდა. ამ შეშლილი კაცის უცნაური ხასიათი შესანიშნავად უწყოდა დედამ – ქიოსემ სულთანმა. მან სხვებისაგან განსხვავებით ისიც იცოდა, რომ მის ვაჟს განსაკუთრებით ხიბლავდა დიდი მოცულობისა და დიდი წონის მქონე მსუქანი ქალები. აქ უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა სულთნის მრავალრიცხოვანი ხარჭების არც განათლებას და არც აღზრდას. მათი მთავარი და ერთადერთი ფუნქცია „გიჟი იბრაჰიმის” ინტიმური ვნებების დაკმაყოფილებაში მდგომარეობდა. რამდენიმე ხანში იმპოტენტად ცნობილი იბრაჰიმი ნამდვილ სექსუალურ მანიაკად იქცა. მასში უმთავრეს ინტერესს საკუთარი ჰარემის გასამდიდრებლად წარმოებული საქმეები იწვევდნენ. სულთნის მსტოვრები მსუქანი ქალების შესარჩევად და მოსაძიებლად მთელი ხმელთაშუა ზღვისპირეთში მოგზაურობდნენ. გარდა მსტოვრებისა, თავისი ვაჟისათვის ხარჭების მოძიებისა და შერჩევის საქმეში ქიოსემ სულთანიც აქტიურად იყო ჩართული. „გიჟი იბრაჰიმის” ჰარემში მთელი მსოფლიოდან იყვნენ თავმოყრილი ულამაზესი სახის მქონე მსუქანი ქალები, რომელთა წონაც ხშირ შემთხვევაში 115 კილოგრამიდან 130 კილოგრამამდე მერყეობდა. თუმცა, სულთნის ჰარემის ნამდვილ მარგალიტს მაინც ერთი ხარჭა წარმოადგენდა, რომელსაც თავისი ფიზიკური ფორმებისა და მონაცემების გამოისობით, შეშლილმა იბრაჰიმმა „შაქრის კუბი” უწოდა. ამ ტყვე ნიმფის წონა – 160 კილოგრამი იყო.
„გიჟი იბრაჰიმის” ჰარემის შენახვაზე უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა. სულთანმა ხარჭებს უფლება მისცა ნებისმიერი სურვილი აესრულებინათ, რაც კი მათ მოთხოვნილებასთან იქნებოდა დაკავშირებული. შედეგად, ძლევამოსილი ოსმალეთის იმპერიის მბრძანებლის ხარჭებმაც ძალიან გაილაღეს. ამბობენ, რომ სულთნის ხარჭებმა ჰარემი კონსტანტინოპოლის საუკეთესო საგანძურით აავსესო. ისინი იმდენად გათავხედნენ და იმდენად გავიდნენ თავს თავიანთი გაუმაძღარი მადით, რომ ხალმა იბრაჰიმის ჰარემში გამომწყვდეულ ხარჭებს – „მსუქან მხევალთა ბანდა” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)