ჯაკომო ლეოპარდის ნააზრევი…
„ყოველი გადასვლა თანდათანობითი უნდა იყოს, ხოლო თუ ის ერთბაშად ხდება, სულ მალე უკანვე ბრუნდება, უკანვე შემოიქცევა, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაროს იგივე გადასასვლელი. ასე ყოფილა და ასე იქნება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ბუნებისათვის უცხოა ნახტომები, ხოლო ბუნებაზე ძალდატანებით ვერასოდეს მიაღწევთ რაიმე მყარ შედეგს. ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ეს ანაზდეული ნახტომი მხოლოდ მოჩვენებითია და არა ჭეშმარიტი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არჩევანი რომ შემოეთავაზებინათ კეისრისა თუ ალექსანდრეს დიდებასა და დაუყონებლივ სიკვდილს შორის, მე ვიტყოდი – დაუყონებლივ სიკვდილს ვარჩევ და კიდევ იმას, რომ ყოყმანისა და აწონ-დაწონის დრო აღარ დამრჩეს-მეთქი”.
* * *
„ბედის წყალობა წამიერია, მისი უკუღმა ტრიალი კი იმდენად ხანგრძლივი და დაუსრულებელი, რომ შეუძლებელია თვით სასოწარკვეთილების შეუვალი სიკერპეც კი არ შედრკეს მისი სიმუხთლის წინაშე”.
* * *
„იმედი უსაზღვროა და უსასრულო, ბედნიერება კი საზღვრული და სასრული, და თუ ღარიბისა და მდიდრის, ბატონისა და მონის მდგომარეობას მათსავე სურვილებს და მისწრაფებებს შევუფარდებთ, ცხადი გახდება, რომ მათი ყოფა თითქმის არა არ განსხვავდება ერთმანეთისგან”.
* * *
„ერთმა დაიწუწუნა: ამ უბედურებას თუ გადავურჩი, დანარჩენისა მე ვიციო, – რაზეც მეორემ მიუგო: მაშინ ამ დანარჩენებზე წუწუნით გაგვიწყალებდი გულს, ახლა რომ ასე ადვილად ასატანი გეჩვენებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როდესაც გვიჭირს – მწუხარება, ხოლო როდესაც გვილხინს – სიხარული ისეთნაირად ავსებს და განწონის ჩვენს სულს, რომ სხვისი ჭირისა თუ ლხინისათვის აღარა გვცხელა”.
* * *
„უსულგულობა და დაუდევრობა იმდენჯერ ქცეულან სისასტიკისა თუ უკეთური ქცევის მიზეზად, რომ თვითონაც შეიძლება მიჩნეულ იქნენ სისასტიკედ და უკუღმართობად”.
* * *
„შეუძლებელია შენს საქმეზე უფრო მეტად არ ზრუნავდე, ვიდრე სხვისაზე, ანდა, პირიქით, სხვის საქმეზე ისე ზრუნავდე, თითქოს ის შენი იყოს”.
* * *
„მერყევი და გაუბედავი ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, განსაკუთრებულ სიკერპესა და სიჯიუტეს იჩენენ ტავიანთი განზრახვის ასრულებისას, რაც სწორედ მათი გაუბედაობით აიხსნება”.
* * *
„ადამიანები მიღებით ყველაფერს ხალისით იღებენ, მაგრამ, აი, გაცემა კი სიკვდილივით უმძიმთ”. – (ავტორი გენია.ჯი)