ოთარ შალამბერიძე – „ხასიათი”
არის სხვადასხვა ხასიათი, – კარგი და ცუდი.
ერთიც, მეორეც, ეგუება ცვალებად ტაროსს;
თუ რომელიმეს ქვეყანაზე ნამდვილად სძულდი,
არ ნიშნავს იმას, რომ არასდროს არ შეგიყვაროს.
* * *
ქუჩაში მიდის მოწყენილი, ჭაღარა კაცი,
შუბლის ღარები ამჟღავნებენ მჟავე ხასიათს;
ნუ მიხვალ მასთან, დააცალე წამები მკაცრი,
უხასიათოდ ამ ცხოვრებას რამე ფასი აქვს?!
* * *
არის სხვადასხვა ხასიათი, – მძიმე და მჩატე.
და ღმერთმა უწყის, რამდენს უმძიმს და რამდენს – არა;
ნამცეცა გულში ზოგჯერ ქვეყნის სიხარულს ჩატევ,
მაგრამ ცრემლისთვის სულ პატარა ტკივილიც კმარა,
რომ უჩინარი ბილიკებით წამწამს მოადგეს
და უცებ მიხვდე, ვინ რას ფიქრობს, რას წარმოადგენს.
* * *
ხასიათები თვითნებურად ძარღვებს წიწკნიან,
ხელის შეშლა კი შენ არაფრით არ შეგიძლია,
რადგან ყოველი საუკუნის დროსა და მანძილს
ზომავენ მხოლოდ დაძაბული ძარღვების ბაწრით!..
* * *
ზოგჯერ ხასიათს იყენებენ ნიღაბის ნაცვლად,
რამეთუ გმართებს მოიწყინო, – იცინო ურცხვად;
და ამნაირად ეთვისები უცნობს და ნაცნობს,
და ამნაირად ეგუები კარგსაც და ცუდსაც.
* * *
ხასიათები ხანმოკლეა ასე თუ ისე
და გულმოდგინედ დაეძებენ იმედის სარჩოს;
მაშ, ნურასოდეს გამოვკითხავთ ერთმანეთს მიზეზს
და ყოველგვარი ხასიათის კაცს გაუმარჯოს!