იამანას ინდიელი ხალხის შესახებ…

„მახინჯი გარეგნობის მქონე საცოდავი არსებები”. – ასე მოიხსენია სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ დაბოლოებასთან არსებული არქიპელაგის – ცეცხლოვანი მიწის აბორიგენი მოსახლეობა - იამანას ინდიელი ხალხი დიდმა ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა და მოგზაურმა – ჩარლ დარვინმა თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის მოქცეულ კუნძულ ნავარინოზე ერთობ მკაცრი კლიმატური პირობებია გაბატონებული. ზაფხულის პიკზე არქიპელაგზე ტემპერატურა მაქსიმუმ 15 გრადუსს უტოლდება, რაც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ რთულ ბუნებრივ პირობებში უწევდათ ადგილობრივებს ყოფა-ცხოვრება. და მიუხედავად ამისა, თანამედროვე ჩილეს ტერიტორიაზე განთავსებული კუნძულის მკვიდრი მოსახლეობა წლის ნებისმიერ პერიოდში მაინც შიშვლად ამჯობინებდა სიარულს. დროის ხანგრძლივი დინების განმავლობაში მათი ორგანიზმი იმდენად შეეგუა გარემო პირობებს, რომ სიცივეში შიშვლად სიარული არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ერთადერთი ბუნებრივი მოვლენა, რა დროსაც ისინი ამ ტრადიციას არღვევდნენ და სელაპის ქურქით იმოსავდნენ მხოლოდ მხრებს, ძლიერი ქარი იყო.

იამანას ინდიელ ხალხში ყველაზე მნიშვნელოვან და შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთს – ნავი წარმოადგენდა. მეთევზეობამ, რომელსაც ისინი ოდითგანვე მისდევდნენ, ცეცხლოვანი მიწის მოსახლეობა არა მხოლოდ მკვიდრად დააკავშირა ნავებთან, არამედ ეს წყლის სატრანსპორტო საშუალება მათი ცხოვრების უმთავრეს ატრიბუტადაც კი აქცია. იამანას ხალხში კერძო საკუთრების ცნება არ არსებობდა. კუნძულ ნავარინოს ყველაზე ცუდ ტერიტორიებზე მობინადრე იამანას ინდიელი ხალხი ოჯახებად კი ცხოვრობდნენ, მაგრამ კერძო საკუთრებაში არაფერი გააჩნდათ. რაც კი რამ სჭირდებოდათ, ელემენტარული საყოფაცხოვრებო, სამუშაო თუ სათევზაო ნივთების ჩათვლით, ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ერთადერთი, რაც მათ კერძო საკუთრებაში გააჩნდათ, სწორედ რომ ნავები იყო.

სათევზაოდ ხანგრძლივი დროით გასული ოჯახი ცეცხლს ნავის გულშივე ანთებდა. ნავის ცხვირს ოჯახის ოფროსი მამაკაცი იკავებდა, ხოლო ნავის უკანა ნაწილს კი მანდილოსნები, რომლებიც ზღვის ზღარბების დაჭერით იყვნენ დაკავებული. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ეს ველური ხალხი (სხვა „ცივილიზებული” ხალხისაგან განსხვავებით, – ავტორი გენია.ჯი) თავიანთ სიცოცხლეში ერთადერთხელ ქორწინდებოდა და სამარადჟამოდაც ერთგულობდა თავიანთ რჩეულს.

მათში მოვალეობები მკაცრად იყო განსაზღვრული. მაგალითად, გოგონებისათვის სავალდებულო იყო პატარაობიდანვე დაუფლებოდნენ ცურვის ხელოვნებას, ხოლო ვაჟებისათვის კი აუცილებელ მოვალეობას – ცეცხლის დანთების სწავლება წარმოადგენდა.

სამწუხაროდ, თანამედროვე პერიოდში, იამანას ინდიელი ხალხის სულ რამდენიმე ოჯახიღაა შემორჩენილი. – (ავტორი გენია.ჯი)

კუნძული ნავარინო (ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგში შემავალი ერთ-ერთი კუნძული, რომელზეც ბინადრობს იამანას ინდიელი ხალხი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>