ატილას შესახებ…

„ჩემი ცხენის ნატერფალზე ბალახიც კი არ უნდა ამოვიდესო”, – უთქვამს თავის დროზე „ღვთის რისხვად” წოდებულ ჰუნების უკიდურესი სისასტიკით განთქმულ ბელადს - ატილას (406-453 წლები). „უცხომიწელი მონსტრი” (ასე მოიხსენიებდნენ ევროპელები მას) VI საუკუნეში მოღვაწე სახელოვანმა გუთმა ისტორიკოსმა – იორდანისმა შემდეგი სიტყვებით აღწერა: „მეუფეი ყველა ჰუნისა და მმართველი, ერთადერთი მსოფლიოსა ზედა, თითქმის მთელი სკვითიის ტომთა გამაერთიანებელი, ღირსი გაოცებისა ბარბაროსთა შორის სახელის გათქმისა”. (ავტორი გენია.ჯი) ატილას სახელი მის მტრებში არა მხოლოდ შიშს აღძრავდა, არამედ მოკრძალებასაც. „ბელადებმა უნდა შეიგნონ, რომ კანონის სულს გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე მათ სიტყვასო”, – ამბობდა ჰუნების ამაყი ბელადი და დაუმორჩილა კიდეც კანონს უამრავი ტომი. განიერი მხრების, ჩაჭყლეტილი ცხვირისა და კანის საშინელი ფერის მქონე თეთრწვერიანი ატილა ჰუნი ხალხზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მიუხედავად ზღაპრული სიმდიდრისა, იგი საჭმელის ჭამას მაინც ჩვეულებრივ ხის თეფშზე ამჯობინებდა. და ეს მაშინ, როდესაც მისი მხედართმთავრები ოქროსა და ვერცხლის ლანგრებზე გეახლებოდნენ. ატილას უბრალო ტანისამოსი არაფრით გამოირჩეოდა თავისი თანამებრძოლის ტანისამოსებისაგან. ერთადერთი სხვაობა იყო ის, რომ „უცხომიწელი მონსტრს” თანამებრძოლებისაგან განსხვავებით, ყოველთვის სუფთა ტანსაცმელი ეცვა. ფუფუნების მოძულე ბელადის ხმალი, ცხენის აღკაზმულობა და სხვა პირადი ნივთები არასოდეს ყოფილა ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებითა თუ ძვირფასი ქვებით შემკული, როგორც ეს სხვა ბარბაროს ბელადებში იყო გავრცელებული. იმისათვის, რომ „მარადიული ქალაქი” სრული განადგურებისაგან ეხსნა, რომის პაპი – ლეო I დიდი ჰუნების დაუნდობელ მბრძანებელს მუხლებზე შემდეგი სიტყვების თანხლებითაც კი დაუდგა: „მოგესალმები შენ, ღვთის რისხვავ!” – შედეგად, ატილამ თავისი ძლევამოსილი არმია რომს განარიდა.

47 წლის ასაკში მყოფი ატილა ჰუნი, რომელსაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ბრძოლებში ჰქონდა გატარებული, ბედის ირონიით – სარეცელში გარდაიცვალა. გლოვის ნიშნად ჰუნმა მამაკაცებმა თმების ნაწილი შეიჭრეს და სახე მახვილებით დაისერეს, რათა მათი სათაყვანებელი ბელადი დაეტირათ არა ცრემლებით, არამედ – სისხლით. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>