ჯაკომო ლეოპარდის ფილოსოფიიდან…
„საღამო შეიძლება შევადაროთ სიბერეს, დილა კი, პირიქით, საჭაბუკესა ჰგავს, რადგანაც თვითმრწმენია და ნდობით აღვსილი, საღამო კი – სიმხნევისაგან განძარცვული, გულმკვნესარე და ჭმუნვით მოცული. მაგრამ სიჭაბუკე, რომელსაც ყოველ სისხამ დილით იბრუნებენ მოკვდავნი, ისევე ხანმოკლეა და მსწრაფლმავალი, როგორც მთელი სიცოცხლის სიჭაბუკე, და მათ დღეს მალე ეპარება მწუხრი.
მაგრამ საბრალოა სიჭაბუკეც, სიცოცხლის ყველაზე სანატრელი დრო. თვით ეს მწირი სიკეთეც კი იმდენად უდღეურია, რომ ცოცხალი არსება ათასი უტყუარი ნიშნითა გრძნობს, რა სწრაფად უახლოვდება სიკვდილს; ვერც კი ასწრებს შეიცნოს თავისი ძალა, რომ ეს უკანასკნელი ხელიდან უსხლტება უკვე. ბუნების ყოველი ქმედითობის მიზანი სიკვდილია და მისკენ სწრაფვა; ასე რომ არა, განა სიბერე ასე აშკარად დაჩრდილავდა ყველაფერს მთელს სამყაროში? ხილული სინამდვილის ყველა ნაწილი საოცარი სისწრაფით, განუწყვეტლივ მიილტვის სიკვდილისაკენ. მხოლოდ სამყაროს არ ეტყობა კვდომის ნიშანწყალი, რადგან თუმცა შემოდგომითა და ზამთრობით ყველას მიხრწნილი და მომაკვდავი ეჩვენება, სამაგიეროდ ყოველ გაზაფხულს ხელახლა უბრუნდება სინორჩე და სიკისკისე. მაგრამ, მსგავსად იმისა, როგორც მოკვდავნი ყოველი ახალი დღის დამდეგს თითქოს კვლავინდებურად იბრუნებენ გარდასულ სიჭაბუკეს, მთელი დანარჩენი დღის მანძილზე კი ბერდებიან, ჭკნებიან, ქრებიამ და, ბოლოს და ბოლოს, მტვრად და ნაცრად იქცევიან, – სამყაროც, თუმცა ყოველი წლის გარიჟრაჟზე კვლავინდებურად ჯეელდება, მაგრამ მთელი დანარჩენი ხნის მანძილზე მაინც გამუდმებულ კვდომას განიცდის. მოვა დრო და სამყარო, ისევე როგორც მთელი ბუნება, ფეფლად იქცევა. და როდესაც ოდესღაც არსებული დიადი სამეფოებისა თუ სახელმწიფოების, მათი ბრწყინვალების, მათი დიდების კვალიც აღარსად დარჩა, მთელი სამყაროც, მისი ქმნილებებიც, მათი ბედის წაღმა-უკუღმა ტრიალიც, მათი ტანჯვაც, წამებაც და უბედურებაც ასევე უკვალოდ გაქრება და გადაგვარდება, და მხოლოდ უწყვეტი დუმილის, უღრმესი სიმშვიდის სავანედ იქცევა უსასრულო სივრცე. ამრიგად, სამყაროს არსებობის ენით უთქმელი და შემაძრწუნებელი საიდუმლო მანამდე გაქრება და განქარდება, ვიდრე მის ახსნასა და შეცნობას მოასწრებდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)