ლუი ნიკოლა დავუს მოკლე დახასიათება…
ნაპოლეონ ბონაპარტის არმიის ერთ-ერთი საუკეთესო მარშლის – ლუი ნიკოლა დავუს (1770-1823 წლები) შესახებ სახელოვანი ფრანგი მწერალი – სტენდალი ამბობდა – „დიადი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ღირსეულად დაფასებულიო”. თავად ნაპოელონმა კი „რკინის მარშლად” წოდებული დავუ ასე შეაფასა: „ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და შეუპოვარი მეომარი საფრანგეთის არმიისა”. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, ფრანგი მარშალი არა მხოლოდ სხვების მიმართ იყო მომთხოვნი, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავისაგან მოითხოვდა მაქსიმუმს. ამ არსიტოკრატ კაცს ახასიათებდა განსაკუთრებული სიმამაცე და თვითკონტროლის არაჩვეულებრივი უნარი საფრთხის წუთებში. თუკი ფრანგ ისტორიკოსებს ვერწმუნებით, იგი ერთადერთი მარშალი იყო ნაპოლეონისა, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია. ენციკლოპედიური ცოდნის მატარებელი ლუი (შესანიშნავად ფლობდა მათემატიკურ მეცნიერებას) სიმამაცესა და სხვა რიგ დადებით თვისებებთან ერთად პირდაპირობითაც გამოირჩეოდა სიყნაწვილის ასაკიდანვე. დიდებული სტრატეგი და ტაქტიკოსი ორჯერ იქნა დაკავებული რესპუბლიკური ხედვების გამო. თანაუგრძნობდა რევოლუციას; დაქორწინებული გახლდათ ბონაპარტის სიძის დაზე – ლუიზა-ემე-ჯული ლეკლერკზე, რომელთან თანაცხოვრებაშიც 8 შვილი შეეძინა; მეგობრობდა ისეთ გავლენიან ქალბატონებთან, როგორებიც გახლდნენ ნიდერლანდების დედოფალი – ჰორტენზია ბოგარნე და ნაპოლეონის უმცროსი და – კაროლინა ბონაპარტი.
აუსტერლიცის ბრძოლის ჟამს, „რკინის მარშალმა”, რომლის სამხედრო მუნდირი დენთის კვალით სულ გაშავებულიყო და რომლის შენაერთმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო რუსული არმიისაგან, თავის ჯარისკაცებს სიმამაცისა და სიმხნევისაკენ ამ ისტორიული სიტყვით მოუწოდა: „ფრიდრიხ დიდი ირწმუნებოდა, რომ ღმერთი გამარჯვებას დიდ და მრავალრიცხოვან ბატალიონებს ანიჭებსო, მაგრამ იგი ტყუოდა; გამარჯვებას მხოლოდ და მხოლოდ ძლიერები და რჩეულები აღწევენ. თქვენ და თქვენი მეთაური კი, სწორედ რომ ასეთები ვართ!” (აუსტერლიცის ბრძოლაში მიღწეულმა წარმატებამ დავუს ავტორიტეტი ერთიორად გაზარდა).
1807 წელს პროისიშ-ეილაუსთან გამართულ ბრძოლაში (თანამედროვე ბაგრატიონოვსკი – რუსეთი), დავუმ შეატყო რა სიმხდალე თავის მებრძოლებს, განრისხებულმა ერთობ მრავლისმეტყველად შესძახა: „მამაცები აქვე დაიღუპებიან, მხდალები კი ციმბირში!”
ბოროდინოს ბრძოლაში „რკინის მარშალი” სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა (დაიჭრა). თუმცა-კი, დაღუპვას ვერ გადაურჩა მისი საყვარელი და ერთგული ცხენი; ნაპოლეონის მეორე მმართველობის პერიოდში, რომელსაც „ასი დღის” სახელწოდებით მოიხსენიებენ ისტორიკოსები, დავუ ხელისუფალმა სამხედრო მინისტრად დანიშნა; „პარიზს მხოლოდ თქვენ განდობთ!” – მიმართა ერთხელ მას ნაპოლეონმა, რაც კარგად ასახავს ლუი ნიკოლა დავუს მიმართ ბონაპარტის დამოკიდებულებას.
1823 წლის 1 ივნისს დავუ ფილტვების ტუბერკულოზის შედეგად გამოეთხოვა წუთისოფელს. მისი უკანასკნელი სიტყვები კი შესანიშნავად აღწერს იმ გზას, რომელიც მან განვლო ღირსეულად: „ – მთელი ჩემი სიცოცხლე პატიოსანი ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე; მე ვკვდები გაუსვრელი – სუფთა”. – (ავტორი გენია.ჯი)