მოლიერის შესახებ…
„მე ადრეული ახალგაზრდობიდანვე ვიცნობ მოლიერის შემოქმედებას და მიყვარს იგი. მისგან მთელი ცხოვრება ვსწავლობდი. თუმცა, მე მოლიერი მიყვარს არა მხოლოდ მხატვრული ტექნიკის უზადო სრულყოფის, არამედ მისი მომხიბლავი ბუნებრიობის გამო”. – ეს სიტყვები გენიალური ფრანგი დრამატურგის – ჟან-ბატისტ პოლკენის (1622-1673 წლები), იგივე – მოლიერის შესახებ მსოფლიო ლიტერატურის დიდმა კლასიკოსმა – გოეთემ წარმოთქვა. (ავტორი გენია.ჯი) 1643 წლის 1 იანვარს, ანუ ახალი წლის პირველ დღეს, მოლიერმა მამას განუცხადა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ უნდა გადაედგა ნაბიჯი. მან უარი განაცხადა ადვოკატის პროფესიაზე და თქვა, რომ იქით გადადგამდა ნაბიჯს, სადაც მისი გატაცება წაიყვანდა. ჟან პოლკენი საკუთარი ვაჟის გადარწმუნებას დიდხანს ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ბოლოს მშობელი იძულებული გახდა მუხლებში ჩავარდნოდა ერთ-ერთ პარიზელ სასულიერო პირს და მისთვის ეთხოვა დახმარება. თეატრით უზომოდ გატაცებული მოლიერი და სასულიერო პირი დიდხანს იყვნენ ერთიერთზე განმარტოებული. და მოხდა ნამდვილი სასწაული: მათ შორის გამართული ხანგრძლივი საუბარი იმით დასრულდა, რომ სასულიერო პირმა იმის ნაცვლად, რომ საკუთარ აზრზე მოექცია ახალგაზრდა კაცი, კაბა თავადვე გაიხადა და იმავე თეატრალურ წრეში გაწევრიანდა, რომელშიაც მოლიერი ირიცხებოდა… (ავტორი გენია.ჯი) 1673 წლის 17 თებერვალს გენიალური ფრანგი დრამატურგი გარდაიცვალა. მას სიცოცხლის ბოლომდე არ უარუყვია თავისი შეხედულებები, რის გამოც სამღვდელოებამ მისთვის წესის აგებაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, პარიზის არქიეპისკოპოსმა – ფრანსუა არლე დე შანვალონმა აკრძალა მოლიერის, ამ „უნიჭო კომედიანტისა” და „გამოუსწორებელი ცოდვილის” ცხედრის მიწისთვის მიბარება ქრიატიანული წესის დაცვით. პრობლემა მას შემდეგ იქნა მოგვარებული, როდესაც საქმეში თვით „მეფე-მზედ” წოდებული ლუი XIV ჩაერია. შედეგად, არქიეპისკოპოსი რამდენიმე დათმობაზე წავიდა. მოლიერი გარდაცვალებიდან მხოლოდ მეოთხე დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის დღეს, საამაყო ფრანგი დრამატურგის სახლთან ხალხის დიდი ჯგუფი შეიკრიბა. თუმცა, ისინი სახელოვანი თანამემამულისადმი უკანასკნელი პატივის მისაგებად არ ყოფილან შეკრებილი. ეს უგუნური ბრბო სპეციალურად იყო დაქირავებული მოლიერის დაუძინებელი მტრებისა და მისი გენიის მოშურნეების მიერ, რათა მათ დისონანსი შეეტანათ ჟან-ბატისტ პოლკენის დაკრძალვის ცერემონიაში. იმისათვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო, მოლიერის ერთგული და საყვარელი მეუღლე – არმანდა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, თავისი სახლის ფანჯრიდან დროდადრო უყრიდა ახმაურებულ ბრბოს ფულს, რათა მათ ყიჩინისათვის დრო არ დარჩენოდათ. საფრანგეთმა ისევე გააცილა უკანასკნელ გზაზე თავისი დიდი შვილი, როგორც არაერთ ქვეყანას გაუცილებია თავიანთი დიდი შვილები უკანასკნელ გზაზე – ყოველგვარი პატივის გარეშე და შეურაცხყოფილიც კი. – (ავტორი გენია.ჯი)