არსლანბობის ტყე – (ყველაზე დიდი კაკლის ტყე დედამიწაზე)
ყირგიზეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ ჯალალ-აბადის ოლქში, კერძოდ კი, ფერღანის მთებსა და ჩათყალის ქედზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრ სიმაღლესა და 700 ათას ჰექტარზე განფენილია – არსლანბობის ტყე, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდ კაკლის ტყედ არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ტყის ასაკი 50 მილიონ წელიწად აჭარბებს. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ყველაზე დიდი რაოდენობით ბერძნული კაკლის ხეები ჰყვავიან. გარდა ბერძნული კაკლისა, არსლაბობის ტყეში მრავლად შეხვდებით ფსტის, ნუშის, მსხლისა და ტყემლის მრავალწლოვან ხეებს. საერთო ჯამში, ამ უნიკალურ ბუნებრივ ნაკრძალში 130 სახეობის მცენარე ხარობს. ბერძნული კაკლების ასაკი ხშირ შემთხვევაში 1 000 წელიწადსაც კი აღწევს და თითოეული ეგზემპლარი ყოველწლიურად, 150 კილოგრამიდან 400 კილოგრამამდე მოსავალს (კაკალს) იძლევა. ასეთი დიდი მოცულობის მქონე ტყე თავისთავად ცხადია, რომ დიდი რაოდენობის წყალს მოითხოვს. წყლის რესურსით კი არსლანბობის ტყე მართლაც რომ მდიდარია. გარდა მდინარებისა და მაკადულებისა, ტყის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია რამდენიმე ბუნებრივი წყალსაცავიც. მდინარეებზე ვხვდებით ჩანჩქერებსაც. ყველაზე მაღალი წყალვარდნილი – „დიდი არსლანბობის ჩანჩქერია”, რომლის სიმაღლე 80 მეტრს შეადგენს. ტყის ყველაზე მაღალ წერტილს „ბაბაშ-ათას პიკი” წარმოადგენს. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან – 4 436 მეტრია და მას ადგილობრივები „წმინდა მთად” მიიჩნევენ.
არსლანბობის ტყესთან, ყირგიზეთის ყველაზე გასაოცარ ადგილთან უამრავი ლამაზი ლეგენდაა დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) ტყის ტერიტორიზე განთავსებულია XVI საუკუნით დათარიღებული „არსლანბობის მაზარი” (მავზოლეომი), რომელშიაც ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, მუსლიმი წმინდანია დაკრძალული. სწორედ იმ წმინდან მიიჩნევენ ადგილობრივები კაკლის უმშვენიერესი ტყის მფარველად და მცველად. გარდა ამისა, გავრცელებულია ლეგენდა, რომლის თანახმადაც ალექსანდრე მაკედონელმა სამშობლოში სწორედ არსლანბობის ტყიდან ჩაიტანა პირველი კაკალი ელადაში, საიდანაც შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. აღნიშნული ლეგედის თანახმად, სწორედ ამიტომაც უწოდეს შემდგომში მას – „ბერძნული კაკალი”. რამდენად სარწმუნოა ეს ლეგენდა ჩვენთვის უცნობია, თუმცა-კი ცნობილია, რომ ალექსანდრე დიდი მართლაც იმყოფებოდა ფერღანას ხეობაში აზიაში ლაშქრობის ჟამს და იქ ქალაქიც კი დააარსა. – (ავტორი გენია.ჯი)