კრისტოფერ მარლო – „ეპიზოდი”
„მარლო სიტყვის თავისუფლებას სიცოცხლეზე მაღლა აყენებდაო”, – ამბობდნენ ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, გენიალური ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის – კრისტოფერ მარლოს (1564-1593 წლები) შესახებ მისი თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) ასაკით უილიამ შექსპირის თანატოლმა ლიტერატორმა, რომლისთვისაც ძვირფასი იყო თავისუფალი სიტყვა, ორჯერ ციხეში დაჰყო, მონაწილეობა მიიღო დუელებში, შეიძინა ბევრი მეგობარი და კიდევ უფრო ბევრი მტერი. მარლოს ყველაზე საშიშ მტერს თავისი სასტიკი ბუნებით ცნობილი კენტერბერიელი ეპისკოპოსი – ჯონ ვიტჟიფტი წარმოადგენდა. მან კრისტოფერს ვერ აპატია ის, რომ იგი ღვთისმეტყველებას თეატრის გამო ჩამოსცილდა. გარდა ამისა, ეპისკოპოსს აღიზიანებდა დრამატურგის „თავისუფალი აზრებიც”, რომლებშიაც იგი ერესსა და მკრეხელობას ხედავდა.
1593 წელს კრისტოფერ მარლო ჩხუბში მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. საქმე პირადად დედოფალ – ელისაბედის შუამდგომლობით იქნა ჩაფარცხული. დრამატურგი, რომელიც ერთადერთი ავტორი იყო, ვის ციტატებსაც იყენებდა შექსპირი თავის უკვდავ ქმნილებებში, უსახელოდ გადაეგო. თუმცა ამით არ დასრულებულა ყველაფერი. იმ დროს, როდესაც კრისტოფერი თვალში მიღებული ჭრილობის შედეგად იქნა მოკლული, მას დარჩა დედ-მამა, და-ძმები და უზარმაზარი რაოდენობის მეგობრები. ამის ფონზე კი ფრიად საკვირველია, რომ არავის უზრუნია დაეკრძალა მარლო ადამიანურად. არც დაკრძალვის დღეს და არც შემდგომში არავის მოსვლია თავში აზრად მის საფლავზე ჯვარი დაედგა. ის კი არადა, ელემენტარული, შესაბამისი წარწერის მქონე დაფაც კი არ განუთავსებიათ გენიალური ინგლისელი დრამატურგის საფლავზე. კრისტოფერის მკვლელობის მომენტში იმავე ქალაქში იმყოფებოდა მარლოს მკვიდრი ბიძა (მამის ძმა). მიუხედავად ძმისშვილის მკვლელობისა, ლიტერატორის ბიძას თავის მომავალ გეგმებზე ხელი მაინც არ აუღია და კრისტოფერის მკვლელობიდან მეორე დღესვე რუსეთში ისე გაემგზავრა სამოგზაუროდ, რომ არც მარლოს მშობლებისთვის შეუტყობინებია თავს დატეხილი ტრაგიკული ამბავი და არც თავად გამომშვიდობებია უკანასკნელად ძმისშვილს. კრისტოფერ მარლოს საფლავი, საფლავი იმ ადამიანისა, რომელსაც „ინგლისის უდიადეს გონს” უწოდებდნენ, დღემდე დაკარგულადაა მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)