რა ამაზრზენი საქციელის გამო შეიძულა ნაპოლეონმა მადამ დე სტალი?
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მოსფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ მხედართმთავარს – ნაპოლეონ ბონაპარტს საშინლად სძულდა თავისი ექსცენტრიული, ეპატაჟური და ხშირ შემთხვევაში, თავხედური გამოხდომების მქონე სახელგანთქმული ფრანგი მწერალი ქალი – ანა-ლუიზა ჟერმენ დე სტალ-გოლშტეინი (1766-1817 წლები), იგივე – მადამ დე სტალი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ნაპოლეონის განუსაზღვრელი ძალაუფლებისა, ბონაპარტემ მას მაინც ვერაფერი მოუხერხა – ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქალთან ბრძოლა გენიალური სამხედრო ტაქტიკოსის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა და მეორეც, ეს არ იქნებოდა მისი მხრიდან ვაჟკაცური საქციელი. მიზეზად იმისა, თუ, რატომ შეიძულა ეგზომ ძლიერად მადამ დე სტალი სახელოვანმა ფრანგმა მხედართმთავარმა, ისტორიკოსები ერთ კურიოზულ და მეტად საინტერესო შემთხვევას ასახელებენ: ერთ მშვენიერ დღეს, ჯერ კიდევ ბრიგადის გენერლის რანგში მყოფი ბონაპარტი ვინმე მდიდარმა ქალბატონმა თავის სალონში მიიწვია ვახშამზე. ნაპოლეონისადმი გაგზავნილი მოსაწვევიდან ირკვეოდა, რომ წვეულებას მის გარდა, მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი მანდილოსნები დაესწრებოდნენ. ბონაპარტი შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა და მართლაც აღმოჩნდა ათეულობით მშვენიერი „ფერიის” გარემოცვაში. თუმცა მათ შორის მაინც ერია ერთი ფრიად შეუხედავი ქალი, რომელსაც მადამ დე სტალს ეძახდნენ, ვის მიმართაც ნაპოლეონს სხვა მანდილოსნებისაგან განსხვავებით, არავითარი ყურადღება არ მიუქცევია (უწინარესად, რაღა თქმა უნდა, მისი უშნო გარეგნობის გამო). და როგორც ჩანს, ამ გარემოებამ შურისძიების წყურვილით აღავსო გამძაფრებული თავმოყვარეობის მქონე ლიტერატორი ქალი, რაც მალევე გამომჟღავნდა კიდეც.
წვეულების მიმდინარეობის ჟამს „მშვენიერმა ფერიებმა” ნაპოლეონს მისი ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდის მოყოლა სთხოვეს, რაზეც გენერალი ბონაპარტი დიდი სიამოვნებით დათანხმდა. ბრძოლის პერიპეტიების მოყოლამ იგი სრულ ექსტაზში ჩააგდო. ის იყო ბრძოლის ისტორია ემოციებში შესულ ნაპოლეონს უნდა დაესრულებინა, რომ ყველასათვის მოულოდნელად და გასაკვირად, მადამ დე სტალმა, იმისათვის, რომ ახალგაზრდა გენერალი დაემცირებინა და მასზე შური ეძია, ყოველგვარი მორიდების გარეშე დიდი ძალითა და მთელი ხმით – გაუშვა გაზები, რასაც თან საშინელი სუნის გავრცელება მოჰყვა სალონში. გაოგნებისაგან, ყველა ადგილზე გაიყინა, გარდა თავად თავხედი ქალბატონისა. იგი მშვიდად მიბრუნდა ელდანაცემი გენერლისაკენ და ისეთივე მშვიდი ტონით მიმართა, როგორ მშვიდადაც ეჭირა თავი – „ეჰ, ჩემო გენერალო! თქვენ იმდენად ნატურალურად აღწერეთ იმ დაუნდობელი ბრძოლის სასტიკი პერიპეტიები, რომ გადავწყვიტე თქვენს დაზაფრულ ჯარისკაცებს მეც კი შევერთებოდიო”.
აი ის მთავარი და კურიოზული მიზეზი, რის გამოც ერთხელ და სამუდამოდ შეიძულა ნაპოლეონმა მადამ დე სტალი. – (ავტორი გენია.ჯი)
ნაპოლეონ ბონაპარტი