„უჩვეულო დუელები”
შუა საუკუნეების რიგ გერმანულ რეგიონებში დუელის ძალიან უცნაური პრაქტიკა იყო გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში, თუ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ისეთი სერიოზული სახის პრობლემა იჩენდა თავს, რომლის მოგვარებასაც თანამეცხედრე წყვილი ვერაფრით მოახერხებდა, მაშინ დასაშვები ხდებოდა მათ შორის წარმოშობილი დავა დუელის (და თანაც დაუნდობელი დუელის) გზით გადაწყვეტილიყო. ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად, ცოლ-ქმარს შორის ნამდვილი ბრძოლა ეჭვიანობისა და ღალატის საფუძველზე იმართებოდაო. როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელს, ცოლს დუელში გარკვეული პრივილეგიები ენიჭებოდა: დუელის მიმდინარეობისას მამაკაცი უცილობლად უნდა მჯდარიყო დაბალი სიმაღლის მქონე ორმოში. ერთადერთი იარაღი, რომლითაც მას თავის დაცვა და ბრძოლა შეეძლო, ხის კეტი გახლდათ. ასე რომ, დუელიანტ ქმარს ცალ ხელში ხის კეტი ეჭირა, მეორე ხელი კი, როგორც ზემოთ განთავსებულ სურათზეა ასახული, საკუთარ სხეულზევე ჰქონოდა საგულდაგულოდ მიკრული, რაც მისი გამოყენების საშუალებას უსპობდა. თავის მხრივ, ცოლი, რომელიც ტომარაში გამოხვეული ქვებით იყო შეიარაღებული და ამ უჩვეულო იარაღით იბრძოდა, თავისუფლად გადაადგილდებოდა დუელის მიმდინარეობისას, თუმცა გარკვეულ მანძილზე მიახლოება ორმოსთან მაინც ეკრძალებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ცოლ-ქმარს შორის გამართული დაუნდობელი დუელი სავალალო შედეგით, ანუ მსხვერპლით იქნა დასრულებული. – (ავტორი გენია.ჯი)