„უტოპიური მსჯავრი”
1591 წლის 15 მაისს, დილის 12 საათზე, რუსეთის დედა-დედოფლის – მარია ნეგაიასა და მისი ძმების ბრძანებით, ქალაქ უგლიჩში არსებული მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის ორმა ღვთისმსახურმა ტაძრის ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული საგანგაშო ზარის ცემით ამცნო ქალაქს უფლისწული – დიმიტრის მკვლელობის ამბავი. (ავტორი გენია.ჯი) განგაშის ზარმა ქალაქის მთელი მოსახლეობა ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანა, რასაც თან მღელვარების დაწყება მოჰყვა. უფლისწულის მკვლელობის საქმის გამომძიებას – ვასილი შუისკი (შემდგომში რუსეთის მეფე – ვასილი IV) აწარმოებდა, რომელმაც შეთქმულების მოწყობის ბრალდებით 200 ადამიანი სიკვდილით დასაჯა, ხოლო ქალაქ უგლიჩში მობინადრე 60 ოჯახი კი – ციმბირში გადაასახლა. თუმცა, დასჯები ამით არ ამოწურულა, რადგან კიდევ რჩებოდა ერთი „შფოთისთავი”, რომელიც რუსულ ოდიოზურ სასამართლოს უცილებლად უნდა დაესაჯა. მსოფლიო მართლმსაჯულების პრაქტიკაში მრავლად მოიპოვება შემთხვევები, როდესაც ადამიანების მსგავსად სიკვდილით სჯიდნენ ან გადასახლებას უსჯიდნენ ცხოველებს. თუმცა, გარდა ადამიანებისა და ცხოველებისა, ანალოგიური სასჯელები დაკისრებიათ უსულო საგნებსაც კი (მაგალითად, ანტიკური ხანის ძველ ბერძნებს ცხოველების, ფრინველებისა და უსულო საგნების დასასჯელას, სპეციალური სასამართლო ჰქონდათ დააარსებული. იმ პერიოდების ავტორები იმასაც კი ირწმუნებიან, რომ ათენში ყოველ წელიწადს ასამართლებდნენ ხან ნაჯახს და ხანაც დანასო). ასეთივე შემთხვევას ჰქონდა ადგილი რუსეთის ქალაქ უგლიჩშიც. სხვა რომ აღარავინ დარჩა დასასჯელი, განსასჯელის სკამზე რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სწორედ ის ზარი „დასვეს”, რომელმაც ქალაქს ამცნო უფლისწულის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი. ქალაქ უგლიჩში არსებული მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის საგანგაშო ზარს ხალხში შფოთისა და არეულობის შეტანაში დასდეს ბრალი და გაასამართლეს: XV საუკუნეში დამზადებულ ბრინჯაოს საეკლესიო ზარს ამოაძვრეს ენა, მოატეხეს ყური, რომლითაც სამრეკლოზე ეკიდა, საჯაროდ დაარტყეს 12 როზგი და უგლიჩის იმ 60 ოჯახის მსგავსად, რომელიც ციმბირის შორეულ გზას გაუყენეს, ისიც – ციმბირში გადაასახლეს. ტობოლსკის ურთულეს გზაზე მდგომი გადასახლებული ოჯახები კი ბადრაგმა აიძულა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში პირადად ეზიდათ მათთან ერთად ციმბირში გადასახლებული მძიმე ზარი.
ეს ფაქტი ზარის დასჯის პირველი შემთხვევა იყო რუსეთის ისტორიაში, თუმცა არა უკანასკნელი. ის, თუ რა ბარბაროსულად გაუსწორდნენ საუკუნეების შემდგომ ბოლშევიკები საეკლესიო ზარებს, ყველასათვის ცნობილია და ამ თემაზე აღარ შევჩერდები. დღესდღეობით უგლიჩის ზარი ტობოლსკის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)