მარკიზ დე სადი – „ეპიზოდი”
სკანდალებსა და შარებში მუდმივად გახვეული ცნობილი ფრანგი არისტოკრატი, მწერალი და ფილოსოფოსი – დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი (1740-1814 წლები), იგივე – მარკიზ დე სადი, რომლის სახელიც დღემდე ასოცირდება – სადიზმსა და მაზოხიზმთან, ან მოკლედ რომ ვთქვათ – სადომაზოხიზმთან, ამტკიცებდა, რომ ადამიანის მოკვლის უფლება მხოლოდ და მხოლოდ მისივე მსგავს ქმნილებას გააჩნდა და არა რომელიმე საზოგადოებრივ ინსტიტუტს ან, სახელმწიფოს. (ავტორი გენია.ჯი) მარკიზ დე სადმა, რომელიც სინამდვილეში გრაფი იყო და არა მარკიზი (როგორც ის თავს ასაღებდა), თავისი სიცოცხლის 74 წლიდან დაახლოებით 28 წელიწადი ციხეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. მოწამვლის გზით მკვლელობის მცდელობისა და სოდომიისათვის მისჯილი ჰქონდა სიკვდილით დასჯა, თუმცა განაჩენი მოგვიანებით შეუცვალეს. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მან საფრანგეთში გაბატონებული აბსოლუტურად ყველა რეჟიმის პერიოდში მოახერხა პატიმრობაში ყოფნა. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც თავად განაგებდა ადამიანთა ბედს. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში მარკიზ დე სადი, ანუ, როგორც იმ პერიოდში იტყოდნენ, – მოქალაქე დე სადი საფრანგეთის რევოლუციური სასამართლოს მოსამართლედ იქნა არჩეული და რაც ყველაზე საინტერესოა, არის ის, რომ მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანს გილიოტინაზე ისტუმრებდა სისხლს დახარბებული რევოლუციური სასამართლო და რევოლუციონერი მოსამართლეები, მარკიზ დე სადს არც ერთი ადამიანისათვის არ გამოუტანია სასიკვდილო განაჩენი. აკი (როგორც ზემოთ ავღნიშნეთ) ამბობდა კიდეც, ერთადერთი, ვისაც ადამიანის მოკვლის უფლება აქვს, მისივე მსგავსი ქმნილებაა და არავითარ შემთხვევაში რომელიმე საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ან სახელმწიფოო. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, მარკიზ დე სადს გარდა სკანდალურად ცნობილი ნაწარმოებებისა, ასევე ეკუთვნის რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბროშურა, ისტორიული ნარკვევები და თხზულებები. ასევე გაცნობებთ იმასაც, რომ ამ ექსცენტრიული პერსონის ნეშტის თავი დღემდე დაკარგულად არის მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)