ეჟენ ფრანსუა ვიდოკის მოკლე ბიოგრაფია…
ევროპაში პირველი კერძო დეტექტივების სააგენტოს ფრანგი ფუძემდებელი და პირველი კერძო დეტექტივი ისტორიაში - ეჟენ ფრანსუა ვიდოკი (1775-1857 წლები), რომელსაც ციხეში ყოფნის ჟამს პატიმრებმა „რისკის მეფე” უწოდეს, 35 წლის ასაკამდე კარდინალურად განსხვავებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც რამდენიმე წყარო იუწყება, ხაბაზის – ნიკოლას ჟოზეფ ფრანსუა ვიდოკის ყალთაბანდ ვაჟს 14 წლის ასაკში თავისი ფარიკაობის მასწავლებელი შემოაკვდა შემთხვევით, რის გამოც იძულებული გახდა მშობლიური კერა დაეტოვებინა და სახლიდან გაქცეულიყო. გაქცევის წინ კი, თადარიგი დაიჭირა და მამის ქისა პირწმინდად ამოასუფთავა. პურის მცხობელი მამის მიერ ოფლისღვრით ნაშოვნი ფული ვიდოკმა ერთ მსუბუქი ყოფაქცევის მქონე მსახიობ ქალთან არშიყობაში გაფლანგა დაუდევრად, რის გამოც თავდაპირველი გეგმა (ამერიკაში გამგზავრება) განუხორციელებელი დარჩა. იმავე პერიოდში ეჟენი ქუჩის მაწანწალა მსახიობების ბრბოს მიეკედლა და მათი ცხოვრების წესით განაგრძო ცხოვრება. სხვათა შორის, სწორედ მათთან ცხოვრების ჟამს შეიძინა ვიდოკმა ხელოვნურად გარდასახვის ისეთი უნიკალური ნიჭი, რომელიც შემდგომში ძალიან გამოადგა მას. გარკვეული ხნის შემდეგ ვიდოკი არმიაში მოხალისედ ჩაეწერა, სადაც სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში თავისი ფიცხი და ერთობ თავმოყვარე ხასიატის გამო 15-ჯერ მიიღო მონაწილეობა დუელში. ბოლოს, ისევე როგოც სახლიდან, ეჟენი ჯარიდანაც გაიქცა და დეზერტირად იქცა. ცხოვრების შემდგომ ეტაპზე ვიდოკი კონტრაბანდით დაკავდა, რასაც თან მის მიერ ვირტუოზულ დონეზე შესრულებული აფიორები და დახვეწილი არტისტული თაღლითობები ახლდა.(ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში, სამართალმა მასაც უწია და მოუსვენარი ეჟენი ციხეში გამოკეტეს, საიდანაც რამდენჯერმე სცადა თავხედური მეთოდებით გაქცევა. სცადა და გაიქცა კიდეც 1799 წელს.
ციხიდან გაქცეულმა მშვიდი ცხოვრება გადაწყვიტა, მაგრამ ძველმა ამფოსნებმა ამის საშუალება მოუსპეს. იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩამოსცილებოდა მათ და ზოგადად, ძველ ცხოვრებას და შეწყალება მიეღო სახელმწიფოსაგან, ერთ მშვენიერ დღეს იგი პარიზის პოლიციაში გამოცხადდა და თანამშრომლობა შესთავაზა. დამნაშავეთა სამყარო ვიდოკისათვის ხუთი თითივით იყო ცნობილი, ამიტომ ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ვიდოკი თავის რიგებში გააწევრიანა.
ასე დაიწყო თავისი კარიერული აღმასვლა ყოფილმა კატორღელმა და მოგვიანებიოთ, იგი „ეროვნული უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს” ხელმძღვანელადაც აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ეჟენმა 17 000 სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირი გაისტუმრა ციხის გისოსებს მიღმა.
1827 წელს ვიდოკს მაინც მოუხდა თანამდებობის დატოვება. ამ ძალღონიერი და შესანიშნავი კრიმინალისტის მუშაობა ახალ პრეფექტს თვალში არ მოუვიდა, რის გამოც იგი სამსახურიდან დაითხოვა. ახალი პრეფექტის აღშფოთება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ვიდოკმა პარიზის პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო ორგანოში მრავალი ყოფილი პატიმარი დაასაქმა (რომლებიც სხვატაშორის, თავიანთ საქმეს უზადოდ ასრულებდნენ). მიუხედავად ამისა, ვიდოკს ხელები მაინც არ ჩამოუშვია და სამსახურიდან დათხოვნისთანავე დააარსა მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორიაში პირველი კერძო დეტექტივების სააგენტო, რომელშიაც იმ შტატის წევრები გააერთიანა, რომლებიც მასთან ერთად დაითხოვეს სამსახურიდან. 1848 წლისათვის ეჟენი სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიას, რაც მისი კარიერის პიკი გახლდათ. ნაპოლეონ მესამის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ კი ნელ-ნელა ჩამოსცილდა თავის საქმიანობას. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ 1849 წელს ვიდოკი კვლავ დააკავეს მცრეოდენი ხნით თაღლითობის ბრალდებით. ციხიდან გამოსულმა კი, რომელსაც უკვე ძალიან აწუხებდა მარჯვენა ხელის ტკივილი, პირადი ცხოვრების მოწყობით გადაწყვიტა დაკავება. 1857 წლის 11 მაისს, 81 წლის ასაკში მყოფმა ეჟენ ფრანსუა ვიდოკმა პარიზში, საკუთარ სახლში, სასულიერო პირის, პირადი ექიმისა და ადვოკატის თანდასწრებით დალია სული. ადგილი ვიდოკის დაკრძალვისა დღემდე დაუდგენელია. „მე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ის პატიოსანი ადამიანი იყო!” – ასე მოკლედ დაახასიათა ვიდოკი მოგვიანებით დიდმა ფრანგმა მწერალმა და პოლიტიკოსმა – ალფონს დე ლამარტინმა, რომლის გარდამავალ მთავრობაშიც მიაღწია ეჟენმა თავისი გასაოცარი კარიერის პიკს. – (ავტორი გენია.ჯი)