„მილიონი სპილოსა და თეთრი ქოლგის ორდენი”
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებული ქვეყნის – ლაოსის სამეფოს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს 1975 წლამდე – „მილიონი სპილოსა და თეთრი ქოლგის” ორდენი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ჯილდო 1909 წელს იქნა დაწესებული ლაოსის სამეფოს პირველი მეფის – სისავანგ ვონგის მიერ და იგი გადაეცემოდა იმ სამხედრო და სამოქალაქო პირებს, რომლებმაც დიდი წვლილი დაიდეს სამეფოს განვითარებასა და მისი უსაფრთხოების დაცვაში. გარდა ადგილობრივებისა, ლაოსის სამეფოს უმაღლესი ჯილდოთი შესაძლოა დაჯილდოვებულიყვნენ ის უცხოელებიც, რომელთაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღოდათ ამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ქვეყნის წინაშე. ორდენის სიმბოლოებს წარმოადგენდა სამეფო ღირსების სიმბოლოდ აღქმული – შვიდსაფეხურიათი თეთრი ქოლგა და ბუდისტებისათვის წმინდანად ქცეული – სპილო, რომელიც თავის მხრივ – ძალასთან, სიბრძნესთან, მოთმინებასა და გონიერებასთან ასოცირდება. ამ კრეატიულმა ორდენმა ჩვენი ყურადღება ერთი საინტერესო გარემოების გამო მიიპყრო: „მილიონი სპილოსა და თეთრი ქოლგის” ორდენის კავალერს სახელმწიფო ტრადიციისამებრ ორდენს კი არ გადასცემდა დაჯილდოვებისას, არამედ დოკუმენტს დაჯილდოვების ფაქტის შესახებ და თეთრი ქოლგის ნიშანსა და თეთრ ლენტს. იმ შემთხვევაში, თუ ლაოსის სამეფოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი ორდენის აღებასაც მოისურვებდა, მაშინ მას სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა და მისთვის მიეცა შეკვეთა, ზარაფხანას ისეთივე დიაზინით დაემზადებინა „მილიონი სპილოსა და თეთრი ქოლგის” ორდენი, როგორ დიზაინსაც თავად აირჩევდა საპატიო ჯილდოს კავალერი. ფაქტიურად, ორდენის კავალერს თავადვე უწევდა მისთვის მინიჭებული ორდენის შეძენა. საყოველთაო მოსაზრებით, ეს უცნაური მეთოდი ქვეყნის ხელისუფლებამ იმიტომ შეიმუშავა სპეციალურად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების აკუმულირება ამ გზითაც მოეხდინაო. – (ავტორი გენია.ჯი)