რეი ბრედბერი – „ეპიზოდი”
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის დიდოსტატმა ამერიკელმა მწერალმა – რეიმონდ დაგლას ბრედბერიმ (1920-2012 წლები), რომლის წინაპრებსაც აშშ-ი დასახლებული პირველი ინგლისელები წარმოადგენდნენ, თავისი ბავშვობის, სიყმაწვილისა და ახალგაზრდობის წლები უკიდურეს სიღარიბეში გალია. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ რომ უფულობა გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ამ შესანიშნავ ინტელექტუალს უმაღლესი განათლება არ მიუღია და მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატით დაკმაყოფილდა. „მარსის ქრონიკების” დიდებული მეხსიერების მქონე ავტორმა, რომელსაც წესად ჰქონდა დღეში მინიმუმ ათასი სიტყვის დაწერა, საშუალო სკოლა 1938 წელს დაამთავრა. სკოლის დასრულების შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, რეი თანაკლასელებთან ერთად ბანკეტისათვის შეუდგა მზადებას. თუმცა დღის წესრიგში როდესაც წვეულებისათვის საჭირო ტანისამოსზე მიდგა საქმე, აღმოჩნდა, რომ მომავალ ლიტერატორს შესაბამისი ტანსაცმელი არაფერი გააჩნდა თავის ღარიბულ გარდერობში. უსახსრობის გამო მის მშობლებს საკუთარი ვაჟისათვის ახალი ტანისამოსის ყიდვის საშუალება არ გააჩნდა, რის გამოც ბრედბერის დედამ, ქალბატონმა – მარი ესტერ მობერგმა ფრიად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო (როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო): ბანკეტის გამართვამდე რამდენიმე ხნით ადრე ცეცხლსასროლი იარაღით მძარცველებმა ქუჩაში მოკლეს რეის ბიძა – ლესტერი. მისი ტყვიით დაცხრილული პიჯაკი კი ბრედბერების სახლში ინახებოდა. მარი ესტერმა საგულდაგულოდ გარეცხა ლესტერის სისხლიანი პიჯაკი, ნატყვიარებიც საგულდაგულოდვე ამოლამბა მასზე და 18 წლის ასაკში მყოფი თავისი ვაჟი მოკლული ბიძის „შელამაზებული” პიჯაკით გაუშვა სკოლის ბანკეტზე. – (ავტორი გენია.ჯი)