ბენჯამინ ფრანკლინი – „ეპიზოდი”
„ერის მამად” წოდებული ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძებელთაგანი - ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები) პოეზიის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ უარყოფითად იყო განწყობილი. (ავტორი გენია.ჯი) ამ დროს კი მისი უახლოესი მეგობარი – ჯეიმზ რალფი არა მხოლოდ პოეზიით იყო გატაცებული, არამედ ლექსებსაც კი წერდა. ახლად დაწერილ ლექსებს ჯეიმზი შესაფასებლად ყოველთვის ბენჯამინს უგზავნიდა, რაც თავის მხრივ, დიდ გაღიზიანებას იწვევდა პოეზიის მოძულე ფრანკლინში. მიუხედავად ამისა, ბენჯამენი რალფის ლექსებს მაინც ყოველთვის აძლევდა შეფასებას, თუმცა ძალიან ცუდ შეფასებას. მან ჯეიმზს ერთხელ ისიც კი ურჩია, რომ ლექსების თხზვისაგან თავი შეეკავებინა და სხვა საქმით დაკავებულიყო. ბენჯამინის შეგონებამ მალე შედეგი გამოიღო: ჯეიმზი საბოლოოდ შეეშვა ლექსების წერას და სამუშაოდ რამდენიმე ხნით სხვა ქალაქში გადავიდა. რალფმა მშობლიურ ქალაქში მშვენიერი გარეგნობის მქონე მეუღლე დატოვა, რომელიც, რაოდენ ამაზრზენი არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მის „ახლო მეგობარს” – ფრანკლინს ჩაუვარდა გულში. ბენჯამენმა სხვა უმნიშვნელოვანეს გარემოებებთან ერთად დაივიწყა ერთი მარტივი ჭეშმარიტება – „უკეთუ არ ძალგიძს შენი გრძნობების ალაგმვა, შენი საქციელის ალაგმვა ხომ შენს ხელთაა”. იგი ჯეიმზის ცოლს სიყვარულში გამოუტყდა, რამაც რალფის მეუღლე საშინლად შეურაცხყო. მან ქმარს ყველაფერი დაწვრილებით უამბო, რის შემდგომაც ბენჯამინსა და ჯეიმზს შორის ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა. თავად ფრანკლინმა კი, რომელმაც უკიდურესად შეურაცხყო მეგობრობის უწმინდესი ცნება, მოგვიანებით თავის დღიურში აღნიშნული საკითხის შესახებ შემდეგი სახის ლაკონური განმარტება გააკეთა: „ძალიან მოხარული ვარ რალფთან ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტით. ბოლოს და ბოლოს, იგი აღარ მიგზავნის შესაფასებლად თავის ლექსებს”. – (ავტორი გენია.ჯი)