ოთარ მამფორია – „აღსარება მთაწმინდას”
ჩამქრალ სანთელს ისევ ვანთებ,
გულზე დადნეს, მადლია,
მაგრამ მათაც მიღალატეს,
მე არ მიღალატია.
* * *
ბედი ვანდე მტრედის მართვეს,
მოფარფატე ფრთებიანს
აფრენამდე შორს წამართვეს,
მე არ წამირთმევია.
* * *
სევდას ვძლიე, ვკოცნე მთიებს,
დასალიერს ელვიანს,
მაგრამ გზები აღმირიეს,
მე არ აღმირევია.
* * *
ყრმობის ჰანგზე ხე რომ დავრგე,
მწუხრმა დაჰკრა ადრიან,
დამამადლეს, ლუკმა დავგმე,
მე არ დამიმადლია.
* * *
თბილისს – იმედს ტრფობის მღვიმეს,
მოციმციმე სხივიანს,
დამაცილეს და გამწირეს,
მე არ გამიწირია.
* * *
გულში – ბზარი, წყლულში შხამი,
თვალზეც ცხარე ცრემლია,
დამინგრიეს ის ტაძარი,
მე არ დამინგრევია.
* * *
სიტყვის მაცნე ჯვარზე მაცვეს,
ლექსმა ცოდვად მიწია,
ვერკი დასცეს, თუმც დააზრეს,
მე ხომ არ დამიზრია.
* * *
ბახუსს ვენდეთ მე და ნისლი,
თასი მზით შემისვია,
სხვამ თუ სხვისი შესვა სისხლი,
მე ხომ არ შემისვია.
* * *
საწუთროდან არ მიმქონდა,
უღალატო ძმის ძმობა,
ბოლოს მაინც სხვამ შესცოდა,
მე ხომ არ შემიცოდავს.
* * *
არ იქნა და არ გათენდა,
სული მაინც გაბრწყინდა,
ყველაფერი წამართვეს და
ვერ წამართვეს მთაწმინდა…