სიმონ ჩიქოვანი – „ირმები კალოზე”

შენს ეზოში კალო ირმებს ვალეწვიე,

რქებს მივაკარ ყვავილები ჭრელი.

კევრს შევახტი, ჩამავალ მზეს დავეწიე,

ბარჩხალა მზეს თითქო ვტაცე ხელი.

* * *

მზე ირმებზე დავკიდე და დავსრიალებ,

ხოხბისფერი პატარძალი მშველის.

შენ შრომის ხვავს, პატარძალო, მაზიარე,

რძე შემასვი ჯეირნის და შველის.

* * *

შინაური ვინ გახადა ეს ირმები,

რა ლამაზად განტოტილან რქები!

შენ კალოზე ფეხშიშველი მესიზმრები,

ცხადში ხარ და სიზმარივით ჰქრები.

* * *

შრომაში და ჟრიამულში ჩამობინდდა,

ატენის მთებს შეღამება ქუფრავს.

ქვევრი გახსნეს, თონით მთვარე ამოფრინდა

და ნისლივით ორთქლი ასდის სუფრას.

* * *

მეც პატარძლის სავსე სუფრას დავეწვიე,

ირმები კი მთაზე ბალახს ძოვენ.

შენს ეზოში კალო ირმებს ვალეწიე

და ატენშიც მომავლის გზა ვპოვე.

კომენტარის დატოვება