სიმონ ჩიქოვანი – „სულში ფოთლების ქარიშხალია”…
სულში ფოთლების ქარიშხალია,
სიმწიფის შნო და მოწყვეტის საფრთხე.
მივდივარ, ვჩქარობ, არა მცალია,
უკვე გასულა ცხოვრების შუადღე.
* * *
ფურცელზე დარჩა ჩრდილი თითების,
დაჭკნა ყვავილი, ფიქრის მთაფლავი.
წინათ მეგონა, ხავსს ვეკიდები
და ხელთ მიპყრია თურმე თავთავი.
* * *
კიდევ შევიძლებ ვიყო მთესველი,
ან მთის ფერდობზე დავკრიფო ნუში.
წყალი ვერ შევსვი, ვერ მოვისვენე
და შემოდგომა შრიალებს სულში.
* * *
თქორი გაქრა და შარა მშრალია,
მცირე საგზალი მიდევს აბგაში.
ჩემს სულში ქარვის ქარიშხალია,
მცირე იჭვი და ჩუმი განგაში.
* * *
მე ერთი ლუკმა პური მეყოფა,
ფინჩხა ყველი და ჭინჭილით ღვინო,
და თუ შარაზე ღამემ შემღობა,
არ მეძინება, რად დავიძინო?!
* * *
სულის სანთელი ეგებ მიქრება,
არ მინდა ლოცვა და ზიარება.
კვლავ ჩამიარეს ძველმა ფიქრებმა,
გამომაფხიზლეს კვლავ იარებმა.
* * *
ჯერ არ მიგრძვნია მუხლებში დაღლა,
ჯერ არ გამქრალა სიყრმის ნუგეში
და საზრუნავი მეტი მაქვს ახლა,
ვიდრე მქონია სიჭაბუკეში.