ოთარ მამფორია – „ცარიელი სკამი”

ყველა აქ არი და მაინც კარი,

ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია.

ცარიელია ეს ერთი სკამი

და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან.

* * *

ყველა აქ არი, სიმღერას, ხალისს

გარედან წვიმა შოლტივით იქნევს,

და ნუ დახურავ იმ კარებს მაინც,

რა იცი, ვინმე მოვიდეს იქნებ.

* * *

ყველა აქ არი, ჭიქების წკარუნს

გავანდოთ, ვუთხრათ – ვეტრფოდით ვისაც,

ეს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს

ძველ ჭრილობებში ჩარჩენილ ისარს…

* * *

ყველა აქ არი და მაინც კარი,

ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია

ცარიელია ეს ერთი სკამი

და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან!..

კომენტარის დატოვება