ოთარ მამფორია – „კალენდარი”
დღე – თვალის ერთი დახამხამება
გარბის და ღამე კარზე მოგასწრებს.
ფურცლები ისე სცვივა კალენდარს,
ვით ხეს ფოთოლი შემოდგომაზე.
* * *
და ფრინველივით კედელს გაკრული,
მომავალ დღეებს უხმოდ გიზოგავს,
განიშნებს თარიღს, მიწა ქართული
როდის მიირქვა მარადისობამ.
* * *
მზე როგორ შედის ცისკრის კარავში,
ანდა ვულკანმა სად იგრიალა,
როდის გაბედა ცეცხლთან თამაში
პირველყოფილმა ადამიანმა.
* * *
ვინ ამოიცნო შორი ვარსკვლავი,
ვინ იდიადა ზღვათა შემოვლით,
როდის დაიწვა რომის ტაძარი,
ან სად დამარცხდა ნაპოლეონი.
* * *
დნება კედელზე ათას ამბებად,
ტოკავს ფურცელი უხმო მოთხრობით,
დღის ბოლოს მაინც ჩამოვარდება,
როგორც დამჭკნარი ვერხვის ფოთოლი.
* * *
მოდის ის წუთი ქვეყნად არ ქრება,
ოდეს პირველი ტრფობა მოგისწრებს
და ის დღე რჩება მუდამ კალენდარს
ჩვენი სიცოცხლის შემოდგომაზეც.