სიმონ ჩიქოვანი – „ნაბიჯები”

მე ნაბიჯების შეგროვება მინდა ოთახში

და გადადგმული ნაბიჯები მეკარგებიან.

დავსდევ ნაბიჯებს გულმოსული, როგორც მევახშე

და ნაბიჯები ქრებიან და ისევ დგებიან.

* * *

მე ნაბიჯების შეგროვება მინდა ბინაში,

მაგრამ მიდიან, არ სტოვებენ თითქოს ნაკვალევს.

არ ჩანს ჰაერში, ოთახში და გამბალ სილაში,

უერთდებიან სივრცეებს და ჰაერს საყვარელს.

* * *

საკვირველ სურვილს, ნორჩი მგოსნის ნატვრას უებარს

ნაბიჯთა კრება შეუკრები მუდამ თანა სდევს

დაკარგულ განძებს მგოსნის გული ვერ ეგუება,

თხზავს ლექსებსა და ღამეს ანაზებს.

* * *

და პირველ სახეს ნაბიჯისას მუდამ დავეძებ,

ჩემი ნაბიჯი ცალკე ვნახო, მინდა, ნამდვილად,

თითქოს დადიან, ხმაურობენ, ჟამი დალეწეს

და მათი ხმა და მათი რიცხვი ვეღარ დათვლილა.

* * *

საკვირველია, უნდა გავტყდე, საკვირველია,

რა მოვიფიქრე, რისთვის მინდა ნაბიჯთ კრებული,

მაგრამ რას ვიზამ, ნაბიჯები მუდამ მელიან

და ნაბიჯებით ნაბიჯს მივსდევ დაფიქრებული.

კომენტარის დატოვება