შოთა ნიშნიანიძე – „ზოგს თავიდანვე არ გაუმართლდა”
ზოგს თავიდანვე არ გაუმართლდა,
ზოგისთვის შველა იყო გვიანი, –
დემონი იჯდა ჩემს სასთუმალთან
თუ ანგელოსი ნათელფრთიანი?
მფარველად მყავდა სული ძლიერი,
სინდისი იყო ჩემი მრჩეველი,
ყოველთვის ვთვლიდი თავს ბედნიერად,
რადგან ვიყავი შეუმჩნეველი.
ზოგს ცხოვრებაში არ გაუმართლდა,
მე მათ გულგრილად გვერდს ვერ ავუვლი,
მათთან ყოველთვის უხერხულად ვარ,
თითქოს მე მქონდეს დანაშაული.