ამონარიდები ქართველი მწერლების ლიტერატურული ქმნილებებიდან…
„სახიფათო რამ არის ტყუილი. ზოგჯერ უცაბედად წამოგცდება კაცს, მერე ინანებ, მაგრამ გვიანღაა: გაიხედავ და ის უკვე მიაბიჯებს თავისი მრუდე ფეხებით. მიბაჯბაჯებს და ძნელია მისი უკან მობრუნება. თუმცა შორს ვერ წავა, სადღაც აუცილებლად წამოეწევა სიმართლე და სწორედ ამიტომ უთქვამთ: ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. ეს ანდაზა ყველამ იცის, მაგრამ მარტო ცოდნა არ კმარა, უნდა გჯეროდეს”. – დავით ჯავახიშვილი (სოსოს ნაამბობი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შენ ეი, წყნარად! ფრთხილად დააბიჯე ფეხი დედამიწას, რადგან, ვინ იცის, ეგ მტვერი შენს ფერხთა ქვეშ იქნებ მზეთუნახავი ქალის მშვენიერი თვალებისა და წარმტაცი ტანის ნაშთია…” – რეზო ინანიშვილი (ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება)
* * *
„კულტურის ძველ ძეგლებსა და ნაგებობებს მტერმა ვერაფერი დააკლო, ძმები ანგრევენ, ძმის შვილები – სახლები გვინდაო, ახალი სახლები წამოჭიმეს სხვა სოფლებში და ჩვენც ახალი გვინდაო. ანგრევენ, კუთხის ქვადა ხმარობენ, სახლებს იშენებენ, რაღა უნდა დაგვრჩეს-მეთქი, ჩვენი საქათმე-საღორე ვიღას რაში ეპიტნავება, თუ ჩვენი ვინაობის მთქმელი ციხე აღარ გვექნება-მეთქი?!” – მერაბ ელიოზაშვილი (ჩიტას ჩივილი)
* * *
„ის, ვინ წერაქვით მუშაობს, უნდა ეძებდეს აზრს წერაქვით მუშაობაში. კატორღელი მუშაობს წერაქვით – და ეს სამუშაო ამცირებს კატორღელს; მისი წიაღის მზვერავიც წერაქვით მუშაობს, და ეს სამუშაო ზეაღავლენს გეოლოგს. კატორღა იქ არაა, სადაც წერაქვით მუშაობენ. კატორღა იქაა, სადაც წერაქვით მუშაობა მოკლებულია ყოველგვარ აზრს”. – რეზო ჭეიშვილი (ჩემი მეგობარი ნოდარი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მზე სასწაულია – დაიწყო მან დუმილის შემდეგ, – მზე სასწაულია, მაგრამ შენ არ გინახავს ნამდვილი მზე… მზით დამწვარი უსაზღვრო ტრამალი… მზით დამწვარი ქვა, მიწა, ხე, ქვიშა, გამხმარი ხახა, გამხმარი ტვინი. არის წუთები ცხოვრებაში, როდესაც მზე გეზიზღება და უცქერ მზის ჩასვლას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჩადის, და გიხარია მისი ჩასვლა, რათა ხელმეორედ აღარ ამოვიდეს, ისეთი ულმობელი, როგორიც გუშინ”. – ნოდარ დუმბაძე (მზიანი ღამე)
* * *
„ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ოღონდ მიგნება უნდა”. – გურამ დოჩანაშვილი (მიხეილი და ალექსანდრე)
* * *
„ერთადერთი, რითაც შეიძლება სულიერი ტკივილის გაყუჩება, ესაა დროსთან ნაბიჯის შეწყობა, ეს არის რწმენა სიცოცხლისა და სიკეთისა, რწმენა საკუთარი თავისა. სიცოცხლე კარგია, ოღონდ არ უნდა დაკარგო სინამდვილის შეგრძნება და მის ნაცვლად არ ეძებო რაღაც სხვა, „რაღაც” არ არსებობს, რაც არ არსებობს. ის, რაც არის აქ შენს ზევით, შენს ქვევით, შენს გარშემო, თვით შენშიც, სიცოცხლეა და იგი სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის”. – დავით ჯავახიშვილი (კეთილი იმედის კონცხი)
* * *
„ნეტავი კაცი ასი წლის იბადებოდეს და შემდეგ წლები აკლდებოდეს და წლებთან ერთად დარდიც, მერე მხედველობაც, სმენაც, აზრიც; დედის საშოში რომ უგრძნობი და უდარდელია, ისე უდარდელი კვდებოდეს”. – ნოდარ დუმბაძე (მზიანი ღამე)
* * *
„არ არსებობს ადამიანი ყველასათვის ერთნაირად სასიამოვნო… არ არსებობს ადამიანი აბსოლუტურად კარგი ან აბსოლუტურად ცუდი…” – გურამ გეგეშიძე (ცოდვილი) – (ავტორი გენია.ჯი)