შოთა ნიშნიანიძე – „ძაღლი”
არ დაგიდევდათ არარა ამინდს,
ხან მზე, ხან წვიმა,
ხან თოვლი ეცვა
და ნადირობის ურიცხვი წამი
ულაპლაპებდა უთვალავ ბეწვად…
დატოვა ძველი ეზო და სახლი -
პატრონს აუხდა დიდი სურვილი
და კიბის ძირში ბებერი ძაღლი
დარჩა ჩატეხილ საფეხურივით.
მთვარე ფრთხებოდა ცის ქანდარაზე
მიტოვებული ძაღლის წკმუტუნით
და ძილგატეხილ ღამის დარაჯებს
თვალს სწვავდათ, როგორც მწარე თუთუნი,
გაწირეს ასე დარბაისელი…
ასე ერთგული არ შეიბრალეს…
ჯაჭვი არ ება, მაგრამ კისერზე
ჯაჭვივით ება წელთა სიმრავლე.
გაიქცა ძაღლი… პატრონს გასტირა…
ემწუთხა გზები, როგორც მარილი…
…მალე სიკვდილი ძველ მონადირეს
მიადგა ნაცნობ მეძებარივით.
თურმე უბადლო ყნოსვა აქვს სიკვდილს,
სიკვდილის გეში შეუმცდარია,
თურმე სიკვდილი ყველაზე დიდი
და ჯიშიანი მეძებარია…
ძაღლს ძაღლის ბედი აღარ აოცებს,
მხოლოდ ხანდახან ლეკვობას ნატრობს,
გაიპარება სასაფლაოზე
და არ ასვენებს საფლავში პატრონს.