სიმონ ჩიქოვანი – „ორი ფრთა”
არ მიხერხდება კენტად სიმღერა,
გაქრება მისი მსუბუქი ბოლი.
როგორც ორი ფრთა სჭირდება ფრენას,
ისე ჩემს გულსაც სჭირდება ტოლი.
* * *
ამიტომ მუდამ ვეძახი მოძმეს.
სიმარტოვე და დუმილი დავგმე.
ეგებ მოყვასმა ცალი ფრთა მომცეს,
შემაძლებინოს გავფრინდე სადმე,
რომ მივუტანო ჩემი ხმა მოთას,
როგორც მწვანე რტოს წაიღებს მტრედი.
განვაცდევინო ორი ფრთის შფოთვა
და აფრენილი სიმღერა ერთი.