მუხრან მაჭავარიანი – „XVIII საუკუნე”

საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,

გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:

- დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! -

თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.

* * *

- ლექსები იციო?! – ჰკითხეს საქართველოს,

პატარა საქართველოს, პატარას, -

თვალცრემლიანს…

- ვიციო! – უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;

პატარა საქართველოს პალე-როიალში

შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

* * *

- ყოჩაღ! – მხარზე ხელი დაჰკრა

საფრანგეთმა, -

ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..

* * *

ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა

პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,

მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;

გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა

 და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.

კომენტარის დატოვება