იცით თუ არა, რომ?!
1. დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების თანახმად, პირველად ათენში მოსამართლეებს ქრთამად ფული ანიტე ანთემიონის ძე-მ მისცა ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის მიწურულს. ანიტეს ბრალად ედებოდა ქალაქ პილოსთან დაკავშირებული ღალატი. საინტერესოა ის გარემოება, რომ აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ, სწორედ ანიტე გახდა გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – სოკრატეს ერთ-ერთი ბრალმდებელი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში, „მარადიულ ქალაქად” წოდებულ რომში – სხვადასხვა ტაძრებში ქალები სალოცავად იყრიდნენ თავს, ხოლო მათ შორის ყველაზე უფრო წარჩინებულნი კი კაპიტოლიუმზე ლოცულობდნენ იუპიტერის საკურთხეველთან.
* * *
3. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, რუსული პოეზიის ბუმბერაზს – ალექსანდრე პუშკინს – გაზაფხული – წლის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პერიოდად მიაჩნდა (ამ თემას მან რამდენიმე ლექსიც კი მიუძღვნა).
* * *
4. ზაფხულის პირველი ოლიმპიური თამაშების (გაიმართა ათენში 1896 წელს) გამარჯვებული სირბილში მარათონულ დისტანციაზე (40 კილომეტრი), ყველასათვის მოულოდნელად, ეროვნებით ბერძენი, პროფესიით კი ფოსტალიონი – სპირიდონ ლუისი გახდა, რომელსაც არც მანამდე ჰქონია რომელიმე სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიღებული და არც მას შემდეგ მიუღია მონაწილეობა.
* * *
5. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, უმუშევრობის ყველაზე დიდი მაჩვენებლით ერთ-ერთი აფრიკული ქვეყანა – ზიმბაბვეს რესპუბლიკა გამოირჩევა. იმავე ცნობების მიხედვით, ზიმბაბვეში მოსახლეობის 90 პროცენტს მუდმივი სამსახური არ გააჩნია.
* * *
6. ნიგერიაში მაცხოვრებელი – იორუბას ხალხი ერთი ფრიად უცნაური ტრადიციით გამოირჩევა: იმ შემთხვევაში, თუ ქალმა ტყუპი შვა, უფროსად ის მიიჩნევა, რომელიც თავის დედმამიშვილის შემდგომ მოევლინა ქვეყნიერებას.
* * *
7. გენიალურმა გერმანელმა მოაზროვნემ – ფრიდრიხ ჰეგელმა – ძველ ბერძნულ რელიგიას – „სილამაზის რელიგია” უწოდა.
* * *
8. დიდი გერმანელი ფილოსოფოსი – კარლ ლეონჰარდ რაინჰოლდი, რომელიც გენიალური გერმანელი ფილოსოფოსის – იმანუელ კანტის ერთ-ერთი პირველი მგზნებარე თაყვანისმცემელი იყო, ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ „ერთი საუკუნის გასვლის შემდეგ მისი კუმირი ფილოსოფოსის სახელი თვით – იესო ქრისტეს სახელსაც კი გაუტოლდებაო…”
* * *
9. იენის უნივერსიტეტში ახლად დამკვიდრებული პროფესორის, დიდი გერმანელი პოეტის, ისტორიკოსისა და დრამატურგის – ფრიდრიხ შილერის ფანჯრების ქვეშ გახარებულმა სტუდენტებმა ჯერ სერენადა იმღერეს, შემდეგ კი სამჯერ დასძახეს: „ვივატ!”. თავის მხრივ, ეს იყო პატივი, რაც არ რგებია იენის სახელგანთქმული უნივერსიტეტის არც ერთ პროფესორს.
* * *
10. ლევ ტოლსტოი და ვლადიმერ ლენინი სხვადასხვა პერიოდებში ყაზანის უნივერსიტეტში სწავლობდნენ, თუმცა არც ერთ მათგანს სწავლის სრული კურსი არ გაუვლია. ტოლსტოის ყაზანის უნივერსიტეტში დამკვიდრებული არც სწავლის ხარისხი მოსწონდა და არც იქ არსებული მკაცრი შიდაგანაწესი, რის გამოც მან თავისი ნებით დატოვა უნივერსიტეტი. პირველი სოციალისტური სახელმწიფოს დამაარსებელი – ვლადიმერ ლენინი კი აღნიშნული სასწავლებლიდან იძულების წესით იქნა გარიცხული, რადგან იგი ხშირად იღებდა მონაწილეობას სტუდენტების მიერ გამართულ ამა თუ იმ საპროტესტო გამოსვლებში. – (ავტორი გენია.ჯი)