შოთა ნიშნიანიძე – „დრო ამ გორაკებს”

დრო ამ გორაკებს სვავივით კორტნის,

მზით ჩაჟანგულა პაპის საძვალე.

ტყეში თავშერგულ ხბოსა ჰგავს კორდი,

ბილიკს კუდივით რომ ახვანცალებს.

* * *

ო, გულთმისანო ბერო ბჟოლებო,

ბედნიერი ვარ რაკი მიცანით,

გთხოვთ მაპატიოთ ეს განშორება,

თქვენი არ იყოს, ვარ გულთმისანი.

* * *

ვინ მოიგონა, ან ვინ მოჭორა,

თითქო გიმუხთლე, თითქო გიგანე…

ვარ დაკარგული შენი ბოჩოლა.

მომშივებია შენი ჯიქანი.

* * *

შენ, ჩემო ძიძა, მომაგონდები,

თითქო წარსულის დღე განაპირდა,

კალთა სავსე გაქვს წაბლის ფოთლებით,

ბოსტნის სურნელით, ათას ზღაპრითა.

* * *

ნუ მემალები, გხედავ აქედან,

ცრემლს როგორ იწმენდ თავშლის ბოლოთი,

მე კი შენს ვაჟკაცს რა წამახდენდა,

ამ დღეებამდის რომ მომყოლოდი.

* * *

ეს გახსენება ისე თბილია,

როგორც ქოთანში რძის ჩასხივება.

ეს სიმყუდროვე და იდილია

ციდან იმსხვრევა ციცქნა მძივებად.

* * *

ჩემო სოფელო, მოველ მშვიდობით,

მშვიდობა ბოსტნებს, ქედებს ხრიოკებს.

ერთი შემბღავლე დედაშვილობას

და სიყვარულით თმა ამილოკე.

კომენტარის დატოვება