სიმონ ჩიქოვანი – „უცნაური სურვილი”

ჩემი სიკვდილი თუ მოვა მარტოდ,

უნცა ვიცოდე სახება მისი.

ის უნდა იყოს ზედმეტად სათნო

და თავწაკრული სამშობლოს ნისლით.

* * *

სიტურფით ჰგავდეს პატარძალს მინდა,

ოსტატის მკლავი ამკობდეს კიდეც.

ხელსაწყოდ ჰქონდეს ობოლი რითმა

და თიბვის ნაცვლად ჩუქურთმას სჭრიდეს.

* * *

ფრთა მომიქსოვოს გარანდულ ჩხირით,

გადამაფაროს ლამაზი ფრთენი.

გვალვაში მარგოს კოპიტის ჩრდილი

და ცაზე კვალი, მდინარის მჩენი.

* * *

მარტო თუ მოვა, ლამაზი იყოს,

ვით ქალის თმებით შემკული ვაზი.

მე დამამსგავსოს ვენახის ჭიგოს,

შემომეხვიოს ვაზივით ნაზი.

* * *

წაიღოს ჩემი სიცოცხლის ჩრდილი,

წალკოტში დამრგან გამრჯე მკლავებით.

და მაშრიალოს ღამე და დილით

ფართო ფოთლებით და ვარსკვლავებით.

კომენტარის დატოვება