ვაჟა-ფშაველა – „გიორგი სააკაძის სურათზე”

ცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირ

მეორე სახე მე მეხატება

შენის ქვეყნისა – საქართველოსი.

რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:

თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,

კარგი შვილები რად გვებადება?

შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს,

ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?

ცრემლები მაღრჩობს, ვეღარას ვამბობ;

კარგის დაღუპვა რად გვენატრება

ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?!

ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება.

ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,

არ გეკადრება, არ გეკადრება!..

კომენტარის დატოვება