იცით თუ არა, რომ?!
1. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, თავისი მარგინალური ქცევებითა და ეპატაჟური გამოსვლებით სახელდაგდებულ დიდ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს – დიოგენე სინოპელს ანდერძად დაუბარებია, გარდაცვალების შემდგომ ისე დამკრძალეთ, რომ პირისახე მიწისკენ მქონდეს მიქცეულიო, ანუ – პირუკუღმა დამასაფლავეთო. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე განთავსებული – „ტრანსანტარქტიკული მთები” დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მთებია. იგი ჰყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ ანტარქტიდებს და გადაჭიმულია 8 105 კილომეტრ სიგრძეზე.
* * *
3. „განუსაზღვრელად გავიზარდე, როცა მას შევეხე, ყველაფერი, რაც მასში ვნახე ჩემთვის უცნობი, ახალი და საოცარი იყო, ამ უჩვეულო სინათლემ, ამ უჩვეულო ელვარებამ თვალები მატკინა”. – ამ მომაჯადოვებელი სიტყვით შეაფასა უილიამ შექსპირი თავის დროზე „გერმანული ლიტერატურის მზედ” წოდებულმა – გოეთემ.
* * *
4. გენიალურმა ქართველმა მსახიობმა – ეროსი მანჯგალაძემ ხშირად იცოდა თქმა, უპირო კაცი არ მიყვარსო.
* * *
5. ძველ ბერძნული მითოლოგიის მიხედვით – „მწყემსური სალამური” – ტყეებისა და ჭალების არკადიელთა ღვთაებამ – პანიმ გამოიგონა. გარდა ამისა, თხის ფეხებისა და რქების მქონე პანისთან ასოცირდება გამოთქმა – პანიკური შიში”, რადგან მას ადამიანების უეცარი შეშინების დიდი უნარი გააჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „აკაკი პატარა საქართველოა”. – ავტორი ამ სიტყვისა გახლდათ – იაკობ გოგებაშვილი. ვაჟა-ფშაველამ კი აკაკის – „მშობელი ქვეყნის მოზარე” უწოდა.
* * *
7. მეოთხე საუკუნეში მოღვაწე რომაელი გრამატიკოსი და მეცენატი – ელიუს დონატუსი გვამცნობდა, რომ გენიალური ძველ რომაელი პოეტი – ვერგილიუსი, რომელიც ვერ ეგუებოდა ადამიანებს, ძუნწად მეტყველი იყო და თითქმის არაფრით გამოირჩეოდა უმეცართაგანო.
* * *
8. პარიზის სიმბოლოდ ქცეულ „ეიფელის კოშკს” ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური შვიდ წელიწადში ერთხელ ღებავს.
* * *
9. ზებრების მაკეობის პერიოდი ერთი წლის განმავლობაში გრძელდება.
* * *
10. ძველი ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ, რომ სოკრატეს მოწაფე, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ძველ ბერძენი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი – ალკიბიადე, ხშირად ყოველგვარი რიდისა და მოკრძალების გარეშე იღებდა ქრთამად ფულს ფუფუნებისა და დაუოკებელ წადილთა დასაკმაყოფილებლად. – (ავტორი გენია.ჯი)