ამონარიდი ლევან სანიკიძის ჰეპტალოგიიდან – „შვიდი გიორგი”
„მზე ჩაესვენა დაქანცული, ჯანდაკარგული.
მაინც ფრიალებდა ქართული დროშა უკანასკნელი ხერხეულიძის ხელით ზეაღმართული და სისხლდადენილ გლეხთა მცირე გუნდით შემოსალტული.
მეთოფეთა ათასეული შემოუსია ყოველის მხრიდან ყიზილბაშთა მთავარსარდალმა.
და დაიგრიალა ათასმა თოფმა.
უკანასკნელმა ნამეხარ-ნახმევმა შეაზანზარა მარაბდის ზეცა.
უკანასკნელი მამულიშვილნი დაენარცნენ მარაბდის მიწას.
უკანასკნელი ხერხეულიძის განგმირულ მკერდზე დაცემულიყო ნაშთი-ნაფლეთი ერთ დროს ცისგვამში მძლავრად მქროლავი „გორგასლიან-დავითიან-თამარიანისა”.
ასე აღესრულა კიდევ ერთი სისხლიანი ზორვა ქართული მიწა-წყლის საკურთხეველზე. აღესრულა უგანაჩენო მარცხისა და უბადლო გმირობის აპოთეოზით.
წყვდიადში ჩაიძირა ადამიანის გვამებით დარეცილი და დამძიმებული საომარი თალპიონი.
მთელი ღამე გმინავდა მარაბდის ველი.
დილით ახალმა მზემ პირველმა აღითვალა ადამიანთა ურთიერთ-ნამსხვერპლარი.
23 000 მკვდარი ესვენა მარაბდის ველზე – 14 000 სპარსი და 9 000 ქართველი.
მზის თვალმა საგულდაგულოდ მიითვალისა:
ცხრა ძმა ხერხეულიძე,
ცხრა მაჩაბელი,
შვიდი ჩოლოყაშვილი…
…შავით მოსილი ქალი მიადგა უკანასკნელ მამულიშვილთა გვამების გროვას.
დაიჩოქა.
დაემხო.
დალეწილი მკერდი დაუკოცნა ხერხეულიძეს.
და ისევ აღმართა ცხრა ქართველი მამულიშვილის დედამ შვილის მკერდზე დაფენილი ქართული დროშა”. – (ავტორი გენია.ჯი)