ევგენი ბართაია – „წამი”

მთებს რომ გახედავ, ისევ მთებია

და ბიბინებენ მწვანედ კორდები…

და ტალღასავით გადამდებია

წამი, რომლითაც კვლავ ვმეორდები.

* * *

წამი, რომელიც შენ დამიხატე,

წამი მორჩილი ასე ყოველთვის.

წამი, რომელიც მე გამიხარდა,

წამი, რომლითაც მე აქ მოვედი.

* * *

აქ ყველა წამი არის ახალი,

აქ ყველაფერი არის იმედი.

მე ახლა ყველა წამი მახარებს,

რომლითაც მზემდე ასე მივედი;

* * *

რომელიც ახლა კვლავ შორს წამიყვანს

და დიდ სამყაროს შემომატარებს.

მე ახლა მხოლოდ ის წამი მიყვარს,

როლითაც დიდი შემოვა დარი.

* * *

მთებს რომ გახედავ, ისევ მთებია

და ბიბინებენ მწვანედ კორდები…

და ტალღასავით გადამდებია

წამი, რომლითაც კვლავ ვმეორდები;

* * *

წამი, რომელიც შენ მოიტანე

და უკეთესი სხვა არსად არი,

წამი, რომლითაც ვდგავარ ტიტანი

და ცას და მიწას მხრებით ვატარებ.

კომენტარის დატოვება