ევგენი ბართაია – „მზისკენ გადებულ ვარსკვლავთა ხიდით”

იქნებ გაბზარა სული ყინულმა

და ძირს დაცვივდა ვარდის ფოთლებად.

და შენ ვერ დახვდი თვალახილული

ამ წვას, ამ წუთით ალის მოდებას.

* * *

იქნებ მოგადგა თვალებზე ბინდი…

კაცის სიცოცხლე ასე სრულდება:

ხან სწორად, ხანაც ზიგზაგით მიდის,

მიდის… და მერე არ გვიბრუნდება.

* * *

იქნებ ჭორების მახე დაგვიგეს…

ზედ იჭვის ძაფი აღარ გაგებას.

ასეა, ზოგი გილხენს, გაგიგებს,

ზოგს ჩვევადა აქვს სხვების ძაგება.

* * *

იქნებ ვინც გიყვარს, ეთაყვანები,

გაგრიყა, მანაც არ გაგიტანა…

გულს ნუ გაიტეხ… გულიანები

თვით დაუძლეველთ ძლევენ ტიტანებს.

* * *

იქნებ… მაგრამ მზე მაღლა მიიწევს

და ჩვენი ფიქრიც მიყვება იმ მზეს.

და ყველაფერი მზეში ირწევა

და ყველაფერი მზის თვალით გვიმზერს.

* * *

მორჩა! ყველაფერს თავის გზა ხომ აქვს

და ყველაფერი თავის გზით მიდის!

ჩვენ კი ჩვენი გზით მივყვებით ხომალდს

მზისკენ გადებულ ვარსკვლავთა ხიდით.

კომენტარის დატოვება