Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„მარტო ეგ არ გვაკმარა ცხოვრების უკუღმართობამ. სავალალო ის არის, რომ თვითონ ქართველნივე გულმოდგინებენ დედაბოძი შეურყიონ ქართველობას, დაუფიქრებლად იღწვიან, რომ ჩვენს კურთხეულ დედაენას, რომელზედაც დაგვიღიღინებია ეგ კაცობრიობის საგალობელი, ძალა და ღონე მოაკლონ, გაგვიღარიბონ, გაგვიფერმკრთალონ, დაგვიჩიავონ, წმინდა ქართულს მიწაზედ აღარ ისმოდეს თავანკარა ქართული, დარბაისლური, მადლიანი, მამაპაპური, ჩვენებური; დიდ სიამაყედ მიაჩნიათ სხვათა ენაზე ტიკტიკი, არას დაგიდევენ, ოღონდაც აღისრულონ ბილწი ზრახვანი – მოხერხებულად იმლიქვნელონ და ივაჭრონ, ერის ღირსება დაგვიბნელონ საკუთარი ბედის ვარსკვლავის გაბრწყინებისათვის. მათივე ბედოვლათობით დედაქალაქში გაგვიხსნეს დიდი ბაზარი და გულუხვად იყიდება დაკუწულ-დაქუცმაცებული ერი.
უკუღმა დაგვიბრუნდა ცხოვრების ჩარხი და სამარადჟამო სანატრელნი გაგვიხდნენ ის მარადიული სიკეთენი, რომლებიც ადამიანს ამშვენიერებენ, ასულწმინდავებენ და ამაღლებენ. სამარადისო სავალალოდ ის გაგვხდომია, რომ ქართველმა დაკარგა უპირველესი განძი – ქართველობა. მივაფურთხეთ ჩვენსავე უმაღლეს ღირსებას – ადამიანობას… ჩვენში, საუბედუროდ, სიძულვილს უძლევია სიყვარულისთვის; ქართველი კაცი ქართველი კაცისთვის წამალი აღარ არის; ერთურთის შურსა და ბეზღობაში ამოგვდის სული; ერთგულების ნაცვლად ერთმანეთს იმაში ვეჯიბრებით, ვინ უფრო ადრე გაუთხრის სამარეს, ვინ უფრო მარჯვედ მიელაქუცება მოყვრის ღიმილით ნასტუმრებ დუშმანს. მეშინია, მართლაც რომ მეშინია, პირიქით არ ახდეს დიდი შოთას სანუგეშო ნათქვამი: „ბოროტსა სძლია კეთილმანო…” – (ავტორი გენია.ჯი)