იცით თუ არა, რომ?!
1. ანტიკური ხანის რომაელები ფიცის დადების დროს წყალში ლითონის ნაჭრებს ჰყრიდნენ, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ფიცი არ გატყდებოდა მანამ, სანამ ლითონის ნაჭრები თავისთავად არ ამოტივტივდებოდნენ წყლიდან. ეს კი, თავის მხრივ, ფიზიკის კანონის თანახმად, ყოვლად წარმოუდგენელი რამ გახლავთ. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სიკვდილის სარეცელზე მყოფი სახელოვანი რუსი მეწარმისა და კოლექციონერის – პავლე ტრეტიაკოვის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: „გაუფრთხილდით გალერეას და ჯანმრთელად იყავით!”.
* * *
3. გენიალურ ფრანგ მწერალს – სტენდალს, კათოლიკური რელიგია სძულდა, ხოლო მეორე გენიალური ფრანგი მწერალი – პროსპერ მერიმე კი, კათოლიკურ რელიგიას დასცინოდა.
* * *
4. სპილოებს ცუდი მხედველობა აქვთ, მაგრამ არც ერთ ცხოველს არა აქვს ისეთი ფაქიზი ყნოსვა, როგორც მათ.
* * *
5. გენიალურ ძველ ბერძენ დრამატურგს – სოფოკლეს, საკუთარი ვაჟი სიგიჟეში სდებდა ბრალს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. თავდაპირველად, რომაელები წელიწადში ათ თვეს ათავსებდნენ და არა თორმეტს; არკადიელების კალენდარი ოთხი თვისაგან შედგებოდა, აკარნანიელებისა კი – ექვსი. არის ცნობები იმის შესახებაც, რომ უძველეს ეგვიპტელებში წელიწადი ჯერ ერთთვიანი იყო, რაკი თვეებს წლებად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით კი იგი ოთხთვიანი გახდა.
* * *
7. მტაცებელი ცხოველებისაგან თავდაცვის მიზნით, საოცრად მახვილი თვალის მქონე ჟირაფები სამშობიაროდ ყველაზე მშრალ და უკაცრიელ ადგილებს ეძებენ. ისეთ ადგილებს, რომელთაც სხვა ცხოველები არ აკითხავენ.
* * *
8. რომის ლეგენდად ქცეული მეფე – ნუმა პომპილიუსი რომაელებს ურჩევდა, რომ განსაკუთრებული პატივი ეცათ ერთი მუზისთვის, რომელსაც – „ტაკიტას” ანუ – „მდუმარეს” (მუნჯს) უწოდებდნენ.
* * *
9. ბილიარდის თამაშის დროს ქულების დამთვლელს – მარკიორი ჰქვია.
* * *
10. წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთში განთავსებული კუნძულოვანი ქვეყანა – ფიჯის რესპუბლიკა – 332 კუნძულზეა განფენილი, რომელთაგანაც მესამედი ნაწილი კუნძულებისა – დაუსახლებელია. – (ავტორი გენია.ჯი)