არჩილ სულაკაური – „ნუ გათათრდები!”
შენ წაგიყვანეს უცხო ბილიკით,
უცხო მტვერი და ბორკილი ზიდე.
პირაქეთ გსურდა,
დარჩი პირიქით
და ვერ დაბრუნდი ვერაფრით გზიდან.
* * *
როგორც ლაჟვარდში წასული ბოლი
მშობლიურ ქოხის საკვამურიდან,
შენ მზერა ცისკენ გაგექცა თრთოლვით,
როცა მოგწყვიტეს ქართლის გულიდან.
* * *
ქართლში დასტოვე მაისის სუნთქვა,
გაზაფხული და ვარდების მტვერი
და სულში ღამე შეიცან უტყვად
შენი მიჯნურის თვალების ფერი.
* * *
როგორ აჰკაფა ვერაგმა ვაზი
და როგორ მოსრა ლურჯი ყანები.
გაგონდებოდა მიმავალს გზაზე
დედის ცრემლები სათაყვანები.
* * *
ცისკენ გაგექცა მზერა დაღლილი;
მთვარე გაჩრილი ჩანდა ღრუბლებში,
როგორც ნატეხი შენი მახვილის
გულმკერდშელეწილ თათრის უბეში.
* * *
შენ წაგიყვანეს ირიბი გზებით,
გკლავდა წყურვილი,
გახრჩობდა სიცხე.
დაივიწყეო – გიბრძანეს ცემით,
სამშობლო მაინც არ დაივიწყე.
* * *
მეხვაშიადე არავინ გყავდა,
ასე გატარეს დიდხანს და დიდხანს,
როცა დაეცი შირაზის კართან,
შენ გაიგონე ქართული სიტყვა.
* * *
გრძნობდი:
საგულეს აღარ გეტევა
გული ჭმუნვაში,
დარდში ნათრევი.
იქნებ წამოდგა მკვდრეთით ქეთევან
და დაიკივლა
- ნუ გათათრდები!
* * *
იქნებ ის იყო სული უკვდავი
შანთით დასერილ წმინდა სხეულის?!
იქნებ ის იყო სული უკვდავი
იმ სხეულიდან გამოქცეული?!
* * *
და შენაც სული აზიდე ცამდის
დაცემულმა და გზაზე ნათრევმა…
- ნეტა რას ერჩი, თათარო, მაგ ბიჭს,
ქართველია და არ გათათრდება!