შაჰ-აბასი – „ეპიზოდი”

შაჰ-აბასად წოდებულ ქართველთმოძულე ირანის ძლევამოსილ მბრძანებელს – აბასს I-ს (1571-1620 წლები) იმთავითვე ელანდებოდა მის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულება, რის გამოც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს „სპარსეთის ლომს” რამდენიმე დიდებულმა აცნობა, რომ თავის ერთ-ერთი ვაჟი – სეფი-მირზა, რომელიც ქართველი ქალისგან – თამარ ამილახორიდან ჰყავდა შეძენილი, და რომელიც მამის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა, მბრძანებელს ღალატობდა და მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა. „ოჰ, ეს წყეული ქართველები! ძალიან მოყვარულები არიან ქართველნი ძალაუფლებისა, ძალიან! ისე ძალიან, სიცოცხლესაც რომ არ დაზოგავენ ძალაუფლების მოსახვეჭადო”, – წარმოთქვა მან და ეჭვის ჭიით შეპყრობილმა სამი-ოთხჯერ დაიწყო ყოველ ღამით საძინებლის შეცვლა. ყალბი ხმები სეფი-მირზას ღალატის შესახებ კიდევ უფრო დამაჯერებელი ხდებოდა ეჭვიანი შაჰისთვის, რის გამოც მან წარმომავლობით სომეხ ყარჩიხა-ხანს მისი მოკვლა უბრძანა. „თვითონ მე მომკალით და უფლისწულზე კი ხელს ვერ ავღმართავო”, – ამ სიტყვებით თქვა უარი ყარჩიხა-ხანმა სეფი-მირზას მკვლელობაზე. მაშინ აბას პირველმა თავისთან გამაჰმადიანებული, თუმცა-კი ეროვნებით ქართველი, გვარად – ბებუთაშვილი იხმო და ახლა მას დაავალა საკუთარი ვაჟის მკვლელობა. ბებუთაშვილი მაშინვე, სიტყვაშეუბრუნებლად წავიდა, უფლისწული მოჰკლა, თავი მოჰკვეთა და შაჰს მიართვა შვილის მოკვეთილი თავი.

რამდენიმე ხანში შაჰ-აბასი გამოერკვა მდგომარეობიდან და საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ უსამართლოდ მოაკვლევინა თავისი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე. სულშეძრული და მგლოვიარე აბას I მთელი ათი დღის განმავლობაში ჩაიკეტა უსმელ-უჭმელად, უძილოდ და ადამიანების მიუკარებლად. გლოვის დასრულების შემდგომ მან თავები დააყრევინა ყველა იმ სპარს დიდებულს, რომლებმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს სეფი-მირზას ღალატის შესახებ და ვინც კვერი დაუკრა მის მკვლელობას. რამდენიმე ხანში „სპარსეთის ლომმა” თავისთან უხმო თვითონ მკვლელსაც. მას შემდეგ, რაც ბებუთაშვილი მბრძანებელს ეახლა, მისგან შემდეგი გამაოგნებელი ბრძანება მიიღო: სეფი-მირზას მკვლელს საკუთარი ვაჟი თავისი ხელითვე უნდა მოეკლა და მოაკვლევინა კიდეც. მორალურად განადგურებულ და სულშეძრულ ბებუთაშვილს კი „გამომშვიდდობების” ჟამს ირანის მბრძანებელმა ერთობ ცინიკური სიტყვით მიმართა: „ამიერიდან გეცოდინება, რა განიცადა ჩემმა გულმა, როცა შენ მე შვილი მომიკალი. შეგიძლია თავი ინუგეშო – ახლა მე და შენ ერთ ბედ ქვეშა ვართ…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>