საინტერესო ფაქტების კიდობნიდან…
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთობ საინტერესო საგანმანათლებლო სისტემა მოქმედებს. კარგი განათლების მიღება, რაღა თქმა უნდა კარგ ფინანსებზეა დამოკიდებული და რადგანაც ოჯახების დიდ ნაწილს არა მხოლოდ კარგი, არამედ საერთოდ არა აქვს ფინანსები, ისინი საშუალო განათლების მიღებით აკმაყოფილებენ თავიანთ შთამომავლებს. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უკიდურესად ღარიბია და ბავშვსაც არა აქვს სწავლის სურვილი, ან კიდევ – ურჩია, მოზარდს სახელმწიფო კუნგ-ფუს სკოლაში გზავნის ორგანიზმის გასაკაჟებლად და საბრძოლო ხელოვნების დასაუფლებლად.
ჩინეთში არსებობს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სკოლები. თითოეულ სკოლაში დაწესებულია ეგრეთ წოდებული, – „დიდი დასვენება”, რომელიც ერთ საათს გრძელდება. ამ დროში მოწაფეები სასადილოში კარგად დანაყრების გარდა, თამაშსა და მცირეოდენი ხნით დასვენებასაც ასწრებენ. მოსწავლეების სასკოლო მენიუა: კვერცხი პომიდორით, სოიოსაგან ან ლობიოსაგან დამზადებული ხაჭო (შესაძლოა იყოს ყველიც) – ტოფუ, ფერადოვანი კომბოსტო წიწაკით და რაღა თქმა უნდა, – ბრინჯი. მასწავლებლების კვება ყველა სკოლაში უფასოა. და უნდა ითქვას, რომ პედაგოგებს ძალიან კარგად კვებავს სახელმწიფო. მათი ტრადიციული მენიუ შედგება ხორცისაგან დამზადებული ერთი კერძით, ბოსტნეულისაგან დამზადებული ორი კერძით, ბრინჯითა და სუპით. კერძო (ფასიან) სკოლებში კი დესერტად ზემოაღნიშნულ მენიუს იოგურტი და ხილი ემატება. სადილობის შემდგომ, პატარა კლასის მოსწავლეებს ხუთი წუთი ეძლევათ „ძილისათვის”.