როი სოხუმელი – „წლები ვათამაშე, როგორც ქარი – ფოთლებს”

წლები ვათამაშე, როგორც ქარი – ფოთლებს,

ვეღარ შეგადარე სხვას…

გული გაიძახის: აღარ მინდა მორჩეს,

სისხლით შევუქმნიო ზღვას…

გრძნობებს გავექეცი… სადღაც მივატოვე,

ალბათ ვერ გავუგე მას…

ხელი შემომხვია მხრებზე – სიმარტოვემ,

ასე დარდიანს, რომ მგავს…

თავზე დავითოვე ფერად ფანტელებად,

გუნდა ვერ ვესროლე მგზავრს…

ბანი შემოვძახე ბოლო ამღერებად,

ცრემლი მომერია მთვრალს…

სევდით გაჟღენთილი ვთარგმნი ნოტაციებს,

ფიქრებს დავასველებ – მშრალს,

ალბათ უშენობა ისე გამაცივებს,

ვეღარ მოვერევი თავს…

წლები ვათამაშე, როგორც ყვავილს – ქარი,

ალბათ ვერ გავუგე მას…

შენ ჩემს სამყაროში გქვია დღეს ის ქალი -

ვინც ვერ შეგადარე სხვას…

კომენტარის დატოვება