გიორგი ხორგუაშვილი – „ლუარსაბ თათქარიძის გულახდილი მონოლოგი”
„ხან ისე მეცინის ბედი, რომ ჩემი დამცინავივით ვიცინი. ვიცინი, მაგრამ ვაი იმ სიცილს. „ვინ რა იცის, რომ ეს გული მკვდარია, რომ სიცილი ბერჯერ ცრემლზე მწარეა”. ათასი ნაკვერჩხალი მიდაღავს სულსა. უფრო კი იმის დარდი მკლავს, რომ ქვეყანა დამცინის, თურმე. რა მაქვს დასაცინი?! ერთი უწყინარი და უბოროტო სული ვარ, კაცი მქვიან და თავზე ყალმუხის ქუდი მახურავს. აბა შემომხედეთ, რამხელა ულვაშები მასხია, რამდენი ღერი მომეთვლება. და არ დაგავიწყდეთ, ნამუსის საგირაოდ მიქცევია ყოველი ბეწვი. კაცი თვალებითა და სიტყვით გამოიცნობა. ჩამხედეთ ძროხასავით თვალებში, თუ ღალატი ამოიკითხოთ, ამიწონეთ თუ გნებავთ აუწონავი სიტყვაც კი, თუ ორპირობის ნატამალი მიპოვოთ. სიტყვა მითქვამს და არ გამიტეხია ზოგ-ზოგი დრევანდელი სიტყვის უსტაბაშივითა. ეს უსამართლო წუთისოფელი ისე მომიჭამია, ძეხორციელისათვის არ გამომიკრავს სარმა, კაცის ცოდო არ გამიყოლებია ამ გრძელ ქვეყანაში, მოწყალე გული მქონია, ჭიანჭველაც კი შემბრალებია გასასრესადა. სიკვდილი მძულებია სავერაგოდ გაცინებული კაცივითა, მხოლოდ ჩემს ხვედრ მიწასა და სამარეს დავჯერებულვარ, სხვისი წილი მზითვისთვისაც არ შემიხედია, ჩემს იქით არ გამიხედია, თუნდა ქვეყანა დაქცეულიყო, ჩემი და ჩემს იქით არ გამიხედია, თუნდა ქვეყანა დაქცეულიყო, ჩემი და ჩემს კნეინას მეტი არავინ და არაფერი მიწამებია. ასეთი ღვთის კრავი ვყოფილვარ და მაინც ქვეყანა დამხითხითებს, თურმე. იმაზეც ფხუკუნებენ, ლუარსაბ თათქარიძეს ჭამა უყვარსო, ერთი მიბრძანეთ, ქრისტიანებო, რომელ სულდგულს ეჯავრება… ჭამა-ყლაპვა მაგისათვის არა ღვრიან სისხლსა და ოფლსა? მაგისთვის არა ხოცავენ ერთმანეთსა? ბევრი ნასწავლი კაცი ვერ გასცილებია მაგ ცხოველურ წრესა და ჩემნაირი უსწავლელი გაიმტყუნება?! ჰმ! თუ არა და, ერთ ბრძენ კაცს უთქვამს: „ჭამა რომ გამოეგონებინა ღმერთსა, კაცს კაცი არ ეთქმოდაო, ნადირისაგან ვერ გამოირჩეოდაო, თუ რამე სიკეთეს ვუმადლით ქვეყნიერებას, მუცელს უნდა ვუმადლოდეთ, ჩემი მუცელი ვის მუცელზე ნაკლებია, რომ არ დავემადლიეროთო…” ჰმ! ბევრსა ჭამსო, რა კბილსა მჭრით, თქვე დედმამაგანათლებულებო, მადა მაქვს და ვჭამ. ჰო, ბევრზე ბევრნი წამოდგებიან მუცლოსნები. აბა, უტყუარად გაზომეთ მაგათი მუცლებიც და ჩემიც და მერე დამცინეთ, მე ჩემს მამულში მოყვანილს მაინცა ვჭამდი და ესენი ვის ნაოფლარს მიაძღებიან ხოლმე, რატომ ამას არა კითხულობთ? ჩამოიქეცი, ცაო, ჩემი ცოდვითა და ამდენი უსამართლობითა, სასაცილონი ვინ არიან და ვის დასცინოან. ჰაი, ჩემზე ათი თაბახით მეტნო ღორმუცელანო, რატო ჩემნაირი ნათლია არა გყავთ, რომ მთელი ქვეყანა ახარხაროს თქვენი გაპამპულავებითა. ვინ იცის რამდენი თაობის მადლს მოისხამდა.
უსაწვლელობაზე მჭრიან კბილსა. განა ეს საძრახისია, რა ჩემი ბრალია. დრომ არ მაღირსა სწავლა-განათლება, დრომ. ეგ ბედნიერება არა მქონია, ეხლანდელ ბავშვებს რომ ღირსებიათ. ყველამ იცის, ობლად გავიზარდე, საწიგნედ ვინ მომაცალა, ანდა სხვა ვინა სწავლობდა, რომ მე მქონოდა თავში მოგროვების სიხარბე? უსწავლელი დავრჩი, მაგრამ ვის რა ვავნე ჩემი თავცარიელობითა, პირიქით, თუ რამე სიკეთე მჭირდა, უცოდინარობას ვუმადლი. ცხოვრებას რომ ჩავბღვერივარ, ერთი აზრი დამფარფატებს: ცოდნა ყოფილა დიდი სიკეთეც და დიდი უბედურებაც. თუ კეთილ კაცში მოექცა, ქვეყანას ააშენებს, თუბოროტში დაისადგურა, ქვეყანას დააქცევს. და განა ცოტა ავზნე ადამიანში ბინადრობს იგი?! რაც უფრო ნასწავლია უკუღმართი კაცი, მით უფრო ავის მქნელია. იმან უკეთესად იცის, როგორ აისრულოს ბილწი ზრახვები. ცოდნა დიდი ძალააო და ამ სიღონიერეთი ადვილად ისრულებს შავ გულისწადილს. ძირს უკეთესად უთხრის სხვას და თუნდა მთელ ქვეყანასაც.
ჩვენში დარჩეს და ბევრი ჭამს პურსა ჩივილითა და ბეზღობითა, სადღა აღარა ჩივიან, რიღათი არ უთხრიან სამარესა ერთმანეთსა. მე კი ვისთვის დამიწერია საჩივარი? რომ ეშმაკს წავეცდინე კიდეცა, მაინც ვერ მოვახერხებდი. ასე გამაკეთილშობილა უსწავლელობამ და რად უნდა მჭრიდეთ კბილსა ამაზე? ეჰ, მე ვიცი ვისაც აქვს მოსაჭრელი კბილიცა და თავიცა, მაგრამ სად ვიჩივლო, ისიც არ ვიცი”. – (ავტორი გენია.ჯი)