როი სოხუმელი – „აყვავილდები… ვერ წაუხვალ, რადგან განგებას…”
აყვავილდები… ვერ წაუხვალ, რადგან განგებას…
გაძვირფასდები მელოდიად ჩემი ჰანგების,
და ეს ლექსები(ც), სულის საზრდოდ გამოგადგება
მაშინ, თუ ღმერთი
დროს შემწირავს – გადაბარგების.
შენი სახეა ჩემი ტაძრის ყველა ფრესკაზე,
რომ მედავითნე – შემოგყურებ, როცა ბიბლია
გადაშლილი მაქვს
და ვკითხულობ სულის შერწყმაზე,
გეჩურჩულები, რომ უშენოდ არ შემიძლია…
ღმერთმა შემინდო,
რაც შენამდე ჩუმად ვიწვალე,
დამშვიდება ხარ, ზეიმი ხარ და აღსარება…
შენი მშვენების წყალობაა რომ შევიცვალე,
და შევიყვარე ღიმილების გაზიარება.
ამოსუნთქვა ხარ, მოღუშული – ჩემი ამინდის,
ჯვარ დაწერილი ერთობა და… სუფთა სამყარო,
ერთგულება, რომ ოცნებებით სულში დაგიდის,
ლამის სიცოცხლე(ც) ვარდებივით შემოგიყარო…
აყვავილდები… ბედისწერას შექმნის განგება,
დაგისველდები თვალებში და – ტირილს დაიწყებ,
როცა სხეულში ჩემი სული გაგეთანგება,
რაც კი გტკიოდა, ყველა ტკივილს გადაგავიწყებ…