როი სოხუმელი – „დილა ირწევა შენს ფანჯრებში, როგორც აკვანი”
დილა ირწევა შენს ფანჯრებში, როგორც აკვანი,
ბავშვი მე ვარ და ვაფერადებ ღია ფერებში,
ყველა ოცნება, როგორც მწიფე მინდვრის მაყვალი -
უფრო ვამწიფე… მზეს ვიტევდი ხელის მტევნებში.
მთელი ცხოვრება გაჟღენთილი ჩემი მაისით,
სულ სითბო-სითბოდ შემოვქარგე შენი აგვისტო…
რაც კი მიყვარდა, აკრძალულა თითქოს… თავისით,
თითქოს ვამბობდი შენს წინაშე: ჩემში არის-თქო…
რადგან ვიღიმი უავტოროდ, უფრო ვწუხვარ და
ახლა ფუნჯებით დათხიპნილი ჩემი თითებით -
მაინც გხატავ და სავსე მთვარე დუმდა, მწუხრავდა,
უმისამართო მხატვარი ვარ, სულ სხვა მიზნებით…
მოვრჩი ტკივილებს, დაცლილი ვარ უკვე ბოლომდე,
უკვე თარიღებს არეული ფონი მივეცი,
დიდხანს მჯეროდა: მიყვარდეს და… აღარ ვგლოვობდე,
მომენატრე და… მაინც შენსკენ გამოვიქეცი…
ჩემი თიბათვე მარტოობის მწუხრში გავხვიე,
ახლა ბუნებაც, უფერული… გზად რომ მიმტირის…
ყველა ტკივილი ტანზე ეკლად შემომახვიე,
შემომახვიე ოცნებები, ყველას – ვინც ტირის…
წავედი… იქნებ დავივიწყო გულს, რაც ამძიმებს,
ვეცდები მაინც, ან და… უფრო მეტად ვიღონებ,
ჩამოვშორდები დრო შეცვლილი – ამ ჩვენს მანძილებს,
თუმც(ა)… ჩემში ხარ და თავიდან გამოგიგონებ…
დაშორდა ფიქრი შორეული იმედის მნათობს,
სულამდე მტკივა – უმიზეზოდ, რაც დამათიე…
სიმწრის ცრემლები, ყელს მომდგარი, მხუთავს და მახრჩობს,
მაგრამ შევძელი ღვთის წინაშე და გაპატიე…